საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 796 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. ახალწვეულებმა ფიცი საზეიმო ვითარებაში, ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დადეს. სამხედრო ფიცის მიღების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები და შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსანდრე პეტრიაშვილი, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი.
თავდაცვის მინისტრმა წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა.