5.
სახელოსნოდან გამოსულმა უაზროდ ვიწრიალე, სად წავსულიყავი არ ვიცოდი. მერე, გავბედე და ანჩოს მივაკითხე სამსახურში. ციაკოს ამბის გაგება მინდოდა. ანჩომ რომ დამინახა, გაუკვირდა. არასდროს ვაკითხავდი და ცოტა არ იყოს, შეშფოთდა.
_ლუკა კარგადაა?_მაშინვე ეს მკითხა.
_დაწყნარდი, შენი ქაჯი კარგადაა. აქეთ არავის დაუშაოს რამე, თორემ თვითონ არაფერი მოუვა._ნაძალადევად გავუღიმე._შენი მანქანა ვნახე, ხვალ საღამოს მზად იქნება. ფული გაამზადე, რომ გადაუხადო, მე კაპიკიანი არ მაქვს ჯიბეში._მრავალმნიშვნელოვნად ვუთხარი და სკამზე ამაყად ჩამოვჯექი. თან თვალი მის თანამშრომლებს მოვავლე იმ იმედით, სადმე ციაკოს დავლანდავდი._ორიათას ლარამდე დაგიჯდება ალბათ._ჩურჩულით დავამატე.
_არ არის პრობლემა, ვისესხებ. დედამ ან მამამ ხომ არ გაიგო?
_შენ რომ ფეხით დადიხარ, ეჭვი არ გასჩენიათ ვითომ?_გამიკვირდა.
_ცოტა აურია და ხელოსანს მივუყვანე მეთქი, ავარიის შესახებ არაფერი იციან... რა გიჟივით აცეცებ მაგ თვალებს, რა გჭირს?_ეტყობა მაინც შემატყო ვიღაცას რომ ვეძებდი და შემიბღვირა._თავს ნუ მჭრი თანამშრომლებთან, ნორმალურად მოიქეცი.
გამეცინა, რადგან შევატყე როგორ კმაყოფილი ღიმილით მიმზერდნენ გოგოები. ციაკოზე რამის კითხვა ვერ გავუბედე. ჯერ ერთი, არ მეტყოდა არაფერს და მეორე, მისი ირონიული ღიმილნარევი მზერის ატანა არ მქონდა. გადავწყვიტე, სოციალურ ქსელში შემემოწმებინა მისი მეგობრების სია და ცოტა დაიმედებული ავდექი. საკუთარ თავში დარწმუნებულმა ამაყი მზერა მოვავლე იქვე მოფუსფუსე და მოჩურჩულე გოგოებს და შენობა ღიღინით დავტოვე. მოზღვავებული ენერგიის დასახარჯად სპორტდარბაზს მივაშურე. დიტო ღიმილით შემხვდა.
_გამოჩნდი დაკარგულო? მუცელს გადაყევი თუ ქალებს?_თან მეგობრულად მომარტყა მხარზე მუშტი.
_არც ერთი და არც მეორე, ზღვაზე ვირუჯებოდი.
_მერე და მარტო?_ეშმაკურად მოწკურა თვალები.
წავუყრუე, ვითომც ვერ გავიგე. ჯიბიდან ტელეფონი და ყურსასმენები დავაძრე, ბოლო ხმაზე ჩავირთე მუსიკები და სარბენ ბილიკზე შევდექი. ნახევარი საათი შეუსვენებლივ ვირბინე tumaniYO-ს მელოდიებზე. მერე ტრენაჟორებზე გადავინაცვლე. მუცლის პრესი წავავარჯიშე, მკლავის კუნთებიც. დიტოს ჩემთვის აღარ ეცალა, ქერა გოგოს უხსნიდა ტრენაჟორების მოხმარების წესს. ერთი კი შევხედე ხელოვნურად ტუჩდაბერილ და მკერდგადიდებულ გოგოს და ჩემდა გასაოცრად, არანაირი ინტერესი არ გამჩენია მის მიმართ. მერე შხაპი მივიღე და ის იყო სპორტდარბაზიდან გამოვედი, რომ ნიკამ დამირეკა, სალო და ბავშვები სიდედრთან გამაყვანინე, ჩემი მანქანა დათოს ვათხოვე და ქალაქში არ არისო. გამიხარდა, სალო თუ დედამისთან დარჩებოდა, მე და ნიკა ბარში მოვსხდებოდით, მერე ქალებსაც დავითრევდით და მშვენივრად გავერთობოდით.
კარი სალომ გამიღო. ნამტირალევი და მოწყენილი ჩანდა. გამიკვირდა. კითხვით სავსე მზერა მივაპყარი ნიკას, რომელიც საძინებლიდან გამოვიდა და პერანგის ღილებს ნერვიულად იკრავდა.
_სიდედრია ცუდად, საავადმყოფოში წაუყვანიათ.
_სერიოზულადაა საქმე?_სალოს ნამტირალევ სახეს რომ შევხედე, შეშფოთებულმა ვიკითხე.
_არც ისე, ანევრიზმაა თუ რაღაც ჩანდაბა, იმის ოპერაციას უკეთებენ._ეს კი მითხრა, მაგრამ თვალებით მანიშნა, რომ უიმედო მდგომარეობააო და არასწორად შეკრული ღილები გინებით გაიხსნა და თავიდან შეიკრა.
ბავშვები ნიკას დას ავუყვანეთ და ჩვენ კი საავადმყოფოში წავედით. მართლაც ცუდი მდგომარეობა ქონდა ქალბატონ ეთერის. ოპერაციას კი უკეთებდნენ, მაგრამ გადარჩენის შანსი ნული იყო. გვიანობამდე შემოვრჩი საავადმყოფოში. ძმაკაცს გასაჭირში ხომ ვერ მივატოვებდი? ათი ხდებოდა ბინაში რომ შევედი. ის იყო საპირფარეშოდან გამოვედი, რომ ინდირამ დამირეკა, ჩვენები ამაღამ სახლში არ არიან და გელოდებიო. მაცდური შემოთავაზება იყო, მაგრამ რატომღაც უარი ვუთხარი, ნიკას სიდედრი საავადმყოფოში წევს და მეც აქ ვარ მეთქი. უკმაყოფილოდ რომ აწუწუნდა, ერთი პირობა მასთან გაქცევაც კი დავაპირე, მაგრამ ციაკოს სიტყვები გამახსენდა, სულ საწოლში რატო იტყუებ ქალებსო და მალევე გადავიფიქრე.
დილით ისევ ნიკა გავიყვანე საავადმყოფოში. ისევ ისეთი უიმედო მდგომარეობა იყო. უკვე იმაზეც კი საუბრობდნენ სად დაეკრძალათ და ქელეხი რომელ რესტორანში გადაეხადათ. დათოც მოვიდა და მოუყვანა მანქანა. რახან მანქანა ყავდა უკვე, მე იმდენად საჭიროდ აღარ ჩავთვალე თავი და შუადღის მერე მე და დათო წამოვედით საავადმყოფოდან.
_წამო, სადმე დავსხდეთ ბარში და ქალებიც ვიჩალიჩოთ, არ გინდა?
დათოს წინადადება მომეწონა და პრესტიჟულ ბარშიც მოვსხედით. გვარიანად გამოვთვერით. ქალებიც ვიჩალიჩეთ და ის ღამე სასტუმროში გავატარეთ. დილით საშინელი ნაბახუსევი ვიყავი. თავი ისე მტკიოდა, გატოკება არ მინდოდა. ოქსანას, ჩემი ღამის თავგადასავალს, ფული რომ გადავუხადე და ტაქსით გავაცილე, ჯიბეში კაპიკიანი აღარ დამრჩა. ისევ ჩვენებთან გადავწყვიტე მისვლა და წამათხოვრება. ჩვეული სისწრაფით და ბღუილით რომ არ შევედი უბანში, მეზობლების გაოცებული სახეები დავლანდე მანქანიდან გადასვლისთანავე. აუჩქარებლად შევედი სადარბაზოში, რადგან თავი მასკდებოდა. კიბეზე სწრაფი ნაბიჯებით ჩამომავალ ცისიას შევეფეთე. ერთი თვალის შევლებით შევატყე, რომ ნამტირალევი იყო. ალბათ ლუკამ გააბრაზა ეს რკინის ლედი, გავიფიქრე და წინ გამომწვევად დავუდექი, არ მოვერიდე.
მორიდებით შემომხედა და გვერდის აქცევას შეეცადა. გზა ისევ გადავუღობე და დაჟინებით მივაშტერდი დიდჩარჩოიან სათვალის მიღმა აცრემლებულ თვალებში.
_გამატარეთ, გთხოვთ._აკანკალებული ხმით მუდარით მთხოვა და ისევ გვერდის აქცევას შეეცადა.
ისეთი საწყალობელი ხმა ქონდა, ცხოვრებაში პირველად ჩამწვდა გულში ვიღაცის მუდარა. მკლავზე წავატანე ხელი და ქვემოდან შევხედე, რატომღაც თვალს ვერ მისწორებდა.
_რა მოხდა, ლუკამ გაგაბრაზა?_თანაგრძნობით ვკითხე.
უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
_აბა რა ხდება?
_დედათქვენმა ოქროს ბეჭედი დაკარგა და გონია, რომ მე ავიღე._გაბედა და ტირილისგან აწითლებული შავი თვალები შემომანათა._შეიძლება ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ქურდი არ ვარ._მტკიცედ მითხრა, ხელი გამაშვებინა და კიბეზე ჩასვლა შეძლო.
ერთ ადგილზე გავშეშდი. ჩემი აღებული ბეჭედი მას ბრალდებოდა. მართალია, არ მომწონდა ეს გოგო თავისი დიდი სათვალით, კეხიანი ცხვირით და ტუჩთან საშინელი მეჭეჭით, მაგრამ მისმა ცრემლიანმა თვალებმა რატომღაც შემაკრთო. აკანკალებულმა ხმამ, რომ შეიძლება ბევრი ნაკლი ქონდა, მაგრამ ქურდი არ იყო, სული ამიფორიაქა. სინდისის ქენჯნა ვიგრძენი და თვალი გავაყოლე სადარბაზოდან უკანმოუხედავად გამავალ გოგოს. ერთხანს გაუნძრევლად ვიდექი. თითქოს მაწყობდა მისი წასვლა, იქნებ სხვა ძიძა მოეყვანა ანჩოს, მგრამ რას მიშავებდა ეს ალალი გოგო ასე რომ გამეწირა? თავის საქმეს პირნათლად ასრულებდა, ჩემს დამთხვეულ დიშვილს ვაჟკაცურად უთმენდა ყველაფერს, ჩემს დამცინავ გამოხედვასაც კი იტანდა. მერე რა თუ არ იყო ისეთი, ყველა რომ მიაშტერდებოდა და ქუჩაში მიმავალს გააყოლებდა თვალს? გულწრფელად შემეცოდა. გულდამძიმებული შევბრუნდი და გავაგრძელე კიბეზე ასვლა.
კარი დედაჩემმა გამიღო. გაბრაზებული იყო. გაბრაზებული კი არა, გაცოფებული. ვითომ არ ვიცოდი არაფერი და ნაძალადევი გაოცებით ვიკითხე:
_რა მოხდა?
_ოქროს ბეჭედი დავკარგე.
_მერე?
_რა მერე? ცისიას გარდა აქ ვინ არის, ვინ აიღებდა? ისე დამაჯერებლად კი სლუკუნებდა და იფიცებოდა, მე არაფერი ამიღიაო, ლამის დავუჯერე კიდეც.
_იქნებ მართლა არ აუღია?_მისი დაცვა მომინდა რატომღაც.
_აბა, მაშ ვინ აიღო?_არ ცხრებოდა დედაჩემი და თავის ცისფერ თვალებს, რომელიც მე მისგან მქონდა მემკვიდრეობით, სიბრაზისგან აბრიალებდა._შემთხვევით მოვინაკლისე. ვინ იცის როდის აიღო...
_ლალისთვლიანი ბეჭედი იყო?_მშვიდად შევაპარე.
_ხო, შენ რა იცი?_გაუკვირდა.
_ფული მჭირდებოდა და მე დავალომბარდე.
გაოგნებული ჩაესვენა სავარძელში.
_სახლში არ იყავით არც შენ, არც მამა, ფული კი მჭირდებოდა და მე ავიღე. გპირდები, დავიხსნი და ისევ მოგიტან.
წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, რომელიც საშინლად აუტანელი მეჩვენა.
_უკვე აღარ ვიცი რაზე გავუბრაზდე საკუთარ თავს, იმაზე რომ ქურდი შვილი მყავს, თუ იმაზე რომ ალალ-მართალი გოგო გამოვლანძღე და გავაპანღურე სახლიდან? ღმერთო, რა დავაშავე ამისთანა?_ჭერში აღაპყრო თვალები და ამოიგმინა._ეს რა ჩამადენინე შე ქურდბაცაცა?_ფეხზე წამოდგა და მომიახლოვდა._არ ვიცი, როგორღაც უნდა გამოასწორო ეს საქმე. ბოდიშიც რომ მოვუხადო, ისეა ის გოგო გულმოკლული ჩემი სიტყვებით, დარწმუნებული ვარ აქ აღარ დაბრუნდება, არა და ამ გიჟს მაგაზე უკეთესად ვერავინ უვლის და ვერავინ უთმენს.
ნერვიულად მოჰყვა ბოლთას.
_ეს რა გამაკეთებინე შე უვარგისო? დაგერეკა მაინც და გეთქვა. როგორ შევხედო ახლა იმ გოგოს თვალებში? ვითომ მაპატიებს და დაბრუნდება?
უაზროდ ავიჩეჩე მხრები.
_შენი გაფუჭებული საქმე შენვე უნდა გამოასწორო, არ ვიცი მე. დღესვე გაიგე იმ გოგოს მისამართი და წადი. არ ვიცი, როგორც გინდა ისე დააბრუნე.
ეს ძალიან რთული მისია დამაკისრა დედაჩემმა... მაგრამ ცისიას ცრემლიანი თვალები რომ მახსენდებოდა და მისი აკანკალებული ხმა, გულწრფელად მეცოდებოდა. დამნაშავე ხომ მე ვიყავი? ხო და დედაჩემი მართალი იყო, მე უნდა მომეგვარებინა ეს საქმე.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев