მაცხოვრის ხელთუქმნელი ანჩისხატის ტროპარი:
უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის-ვსცემთ, ქველის-მოქმედ, და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა, ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნნე, რომელნი შექმენ, მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.
⚜⚜⚜
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის ტროპარი:
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედუფალო ღვთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
⚜⚜⚜
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შენ რომელმან ყოვლადწმიდითა ბაგითა შენითა ჰრქვი: "ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათვისვე საქმისა,რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათაისა, რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებილ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა". უცვალებელ არიან სიტყუანი შენნი უფალო, მიუწვდომელ არს მოწყალებაი შენი და კაცთმოყვარებასა შენსა არა აქუს დასასრულ.
მოწყალებით გადმოგუხედენ და განგვანათლენ, უფალო, რაითა შევიცნოთ ჭეშმარიტი და მორჩილებით აღვასრულოთ სიტყუანი შენნი. შენგან ყოველივე სიკეთის მომლოდინელნი სასოებით გეგებებით: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაითა". მოვედ და დაემკვიდრე ჩუენ შორის და ყოვლადკურთხეულისა მშობელისა შენისა მარადის ქალწულისა მარიამისა თანა, შენსავ ზეციურ ფრთებქვეშ სიყვარულით შეგვკრიბე და დაგვიფარე შვილნი შენნი, რომელნიცა კუალად გიხმობთ აწ ხელთუქმნელად ხატზე გადასულსა და ამა ხატიდან შენი მცნობელი და თაყვანისმცემელი ერის ცხოვლად შემსმენელსა. "ქრისტე ღმერთო, რომელი გესვიდეს შენ, არა სადა დავარდეს". ავგაროზისაგან კარიბჭეზედ ამა წარწერით დამშვენებულო, არა სადა დავარდა მოსავი შენი, ხატო არსთა ხსნად განკაცებულისა ძისა ღმრთისაო, მხსნელო ედესიისა ქალაქისაო, ხსნად ქართველთა სამეფოისათვის მობრძანებულო, ღირსი ანტონის ხელთაგან მოძღვნილ კეცზედ შენგან გარდაბეჭდულ ხატთან ერთად საზეპუროსა ერსა ჩუენსა ძლევისა ნიშნად დავანებულო, ქრისტიანეთა ხატთა დასაბამო: ანჩისა ხატო-სასწაულნითა საშინელო და ზეხატად წოდებულო, შიშითა და კრძალვით გევედრებით აწ არა ორი და სამი, არამედ სრულიად საქართველოს მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მამულისა და სარწმუნოებისათვის შენზედ ერთობით მლოცველნი მოგვეც ძალა ერთობისა და ლოცვისა, რაითა მოწვდენილ იყოს ხმაი ერისა შენამდე. "ნებსით თვისით შეგცოდეთ და განგარისხეთ და დავივიწყენით წყალობანი შენნი, ხოლო აწ შენდავე მოქცეულთა მოგუხედენ", ვითარცა ნინევიელნი სინანულის გზით, ივერიელნიცა შეგვიწყალენ, ყოველთა უსჯულოებათაგან გამოგვიხსენ და გუაცხოვნენ ჩუენ მაცხოვრისა ხატო საშინელო.
რომელმანცა მეგობარი შენი ლაზარე მკუდრეთით აღადგინე, ჩუენ უღირსნიცა შეგვიბრალე და ცოდვათაგან დაცემულნი აღგვადგინე, რაითა კურთხეულითა ენითა ჩუენითა ლიტანიობით და გალობით გადიდებდეთ და აღგამაღლებდეთ შენ უკუნისამდე. კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დაგვამტკიცე უფალო და მოგვანიჭე სიბრძნე კეთილისა და ბოროტის გარჩევისა აღსასრულებლად წმიდათა მცნებათა შენთასა. აღგვიდგინე სიყვარული შენი, მოგვეც ძალა მიტევებისა და მოაქციე მაჭირვებელნი ჩუენნი, რაითა ერთობით ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა შენ შეგვიყუარე, მხოლოო კურთხეულო.
ხელთუქმნელო ანჩისხატო-უდიდესო სიწმიდეო და მცველო ქრისტიანეთაო, კუალადცა ღირს გვყავ მობრძანებად შენს მიერ სახელდებულ ტაძარსა შინა, რაითა წინაუსწროდე დედასა შენსა და მფარველსა ჩუენსა ხატსა ივერიისასა გადასარჩენად და გასაბრწყინებლად მართლმადიდებელთა ივერიელთა.
მარადის ნუგეშო ჩუენო, ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო ანდრიას მიერ ხელთუქმნელითა ხატითა შენითა ქადაგებულო. წმიდა ნინოსთვის შენგან ბოძებული ვაზის ჯვრით მოქცეული და შენსავ ნაქსოვ განუყოფელ კვართსა ზედა აღმართული ცხოველი სვეტით განათლებული წილვხდომილი ერი შენი გმადლობთ და გალობით გევედრებით: დედაო ქრისტეანეთაო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ, რომელნიცა არა ძალასა ჩუენსა, არამედ ძალსა ძისა შენისასა ვსასოებთ და უხრწნელსა ხატსა მისსა ერთობით შევღაღადებთ: ქრისტეს ნათელით ვითარცა თაბორს გაბრწყინებულო, უცვალებელო ხატო უფლისაო, ძალისაებრ ჩუენისა გამოაბრწყინე ნათელი შენი მიუჩრდილებელი, მეოხებითა ღმრთისმშობლისაითა და ყოველთა წმიდათაითა ნათლისა მომცემელო პირო ღმრთისაო, დიდება შენდა.
რამეთუ შენ ძალგიძს ესე ყოველი, უფალო, შეეწიე მცირედმორწმუნეობასა ჩუენსა და წმიდათა ამა ხატთაგან, რომელთა პატივი პირმშოისა სახისად აღიწევის, აწ აგვისრულე ვედრებაი ერსა შენსა და წარგვიმართე მომავალი ნებისაებრ შენისა,"ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელი მოოხრებულ არს შენთვის უფალო" და ქუეყანაიცა ჩუენიცა სამეუფოი ჰყავ განმაგრებულ, "რომელსა ვერვინ მტერთაგანმან შეუძლოს ვნებად მისსა, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა", რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი თანადაუსაბამოით მამით შენით და ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელი სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3