(. 8. )
საკმაოდ რთული მდგომარეობა აღმოაჩნდა თაიას, ოპერაციის მსვლელობისას უფრო ზუსტად გამოიკვეთა დაზიანებები, ფილტვის მთლიანობა დარღვეული იყო გატეხილი ნეკნებით და სისხლი იყო ჩაღვრილი გულმკერდის ღრუში, ლავიწის და მხრის ძვალი გატეხილი, იდაყვის სახსრის ამოვარდნილობა, ყველაფერი ეს ადვილი არ იყო, მაგრამ პროფესიონალი ქირურგების შემწეობით ოპერაცია წარმატებით დასრულდა, დანარჩენი ორგანიზმზე და სწორ მკურნალობაზე იყო დამოკიდებული.
იმ საღამოს ლევანმა თაია კვლავინდებურად მოიკითხა და ნინის ამბების გაგებას ელოდებოდა, მაგრამ გოგონა არ ჩანდა, გავიდა ერთი, ორი საათი და ისევ არაფერი. ლევანმა მიზეზი ვერ ახსნა, მერე მაინც მოუძებნა გამართლება--იქნებ ინტერნეტი გაეთიშა, იქნებ ტელეფონს სჭირს ღამე, ხან რა ივარაუდა, ხან რა...სხვა დამაკავშირებელი საშუალება კი, არაფერი გააჩნდა, არც დირექტორთან არ ჰქონდა წვდომა სამსახურის გარდა. უნდა დალოდებოდა, რადგან სხვა გამოსავალი არ იყო. მთელი ღამე არ სძინებია მას, ყოველ საათში ნახულობდა კომპიუტერს, მაგრამ თაია არა და არ ანათებდა. ასე წვალებაში დაათენდა თავზე, შემდეგ საათს დაუწყო ყურება, როდის გახდებოდა თბილისის დროით ათი საათი, ქალბატონი ნანა რომ მისულიყო სამსახურში და იქნებ მისგან გაერკვია რამე .
აი, შესრულდა კიდევ ათი...რამდენიმე წუთი და დირექტორის გვერდი ჩაირთო და მოისმა სანატრელი ხმა სმს-ის.:-გამარჯობა, ლევან, რატომ ხართ ასე აფორიაქებული? თქვენი გოგონა კარგადაა, ჩვეულებრივად.
--მადლობა ღმერთს, ქალბატონო ნანა, საღამოობით თქვენ რომ ვერ გიკავშირდებოდით, თაიასგან ვგებულობდი ჩემი შვილის ამბავს, გუშინ საღამოდან კი, არ ჩანს, რატომ ნეტავ? თქვენ გელოდებოდით მოუთმენლად, ხომ კარგად ხართ, ხომ გაქვთ მშვიდობა?
--დიახ, თქვენი ქალბატონი კარგად გრძნობს თავს, თაია გვყავს საავადმყოფოში, გუშინ მანქანა დაეჯახა ქუჩაში და ოპერაცია გაუკეთდა. დაკავშირება კი არა, რადგან გადარჩა და უკეთაა, რაღას დავეძებთ--ამოიოხრა ნანამ.
--რას მეუბნებით, საავადმყოფოში? ვინ დაეჯახა, მძიმედ დაშავდა?--ერთბაშად ბევრი კითხვა დასვა ლევანმა.
---არ ვიცით, შვილო, ის კი გაიქცა, დამნახავიც არავინაა, მთავარია ჩვენი გოგო იყოს კარგად, ახლა სხვა არაფერი გვაინტერესებს --გულდაწყვეტილობა ჩანდა მის ხმაში.
--ქალბატონო ნანა, გაარკვიეთ რა არის საჭირო და არაფერი დამიმალოთ, თქვენს გვერდით მიგულეთ. მაგრამ მოიცათ, როდის წახვალთ მის სანახავად, ექიმს ჩემი მონაცემები გადაეცით და დამელაპარაკოს, მე თვითონ გავარკვევ, რა იქნება საჭირო--აჩქარებით ,,ამოყარა" სათქმელი ლევანმა.
--დიახ, როგორ არ წავალთ, გადავცემ მის ქირურგს თქვენს ნათქვამს და დაგელაპარაკებათ, აბა რას იზამს--დაპირდა ნანა მას.
--რომ მიხვალთ, თქვენს თანამშრომელს მოკითხვა გადაეცით და მალე გამოჯანმრთელება უსურვეთ--დააყოლა ლევანმა.
შვილის კარგად ყოფნით თავი კი დაიმშვიდა, მაგრამ თაიას მდგომარეობამ დააფიქრა, ჯერ ერთი რომ ასეთი ახალგაზრდა იყო, მეორეც ნინის ძალიან უყვარდა და უიმისობას როგორ აიტანდა...აუცილებლად უნდა გავესაუბრო ექიმს და იმის მიხედვით გადავწყვიტო როგორ მოვიქცე, გაიფიქრა მან და თავის საქმეს შეუდგა, უნდოდა სწრაფად მოეყვანა წესრიგში, იქნებ წასვლაც კი გამხდარიყო საჭირო...ფიქრი მაინც ვერ მოიშორა- როგორც მახსოვს, დედა ჰყავს მარტო, უჰ, რა ცოდვაა, უნდა დავეხმარო აუცილებლად--ახლა უფრო მკაფიოდ მიიღო იგივე გადაწყვეტილება.
უცებ ისევ წერილი შემოვიდა--ერთ საათში ვიქნები საავადმყოფოში, ყურადღებით იყავით--წერდა ბავშვთა სახლის დირექტორი.
ლევანმა საათს დახედა--ორი სრულდებოდა. ისევ საბუთებს მიუტრიალდა და ისე გაერთო საქმეში, დროის გასვლა არც გაუგია, ზარის ხმამ შეახსენა თითქოს მომხდარი...ფოტოზე მწვანე ფორმიანი მამაკაცი ჩანდა, მიხვდა, რომ ექიმი რეკავდა, მაშინვე უპასუხა --დიახ, გისმენთ ექიმო.
--გამარჯობათ, ბატონო. როგორც გადმომცეს, თქვენ გნებავთ ჩვენი პაციენტის მდგომარეობის გაცნობა. შემიძლია გითხრათ, რომ ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, ისე, საკმაოდ რთული მდგომარეობა კი ჰქონდა. მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, ხვალის მდგომარეობა გვამცნობს, როდის გადავიყვანთ ქირურგიულში, სადაც ახლობლები შეძლებენ მონახულებას. რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება.
--დიდი მადლობა, ექიმო. უნდობლობაში არ ჩამითვალოთ, ისე უნდა გკითხოთ, უკეთესი ხომ არ იქნება საზღვარგარეთ, კერძოდ, გერმანიაში მკურნალობის გაგრძელება?-- მოუთმენლობა დაეტყო ლევანს ხმაში
--ეგ თქვენი საქმეა, მაგრამ თუ დამიჯერებთ, არ იქნება საჭირო. ყველა პროცედურა, ყველა ნიუანსი ზუსტად და მაღალპროფესიონალურად ჩაუტარდა და ასევე გრძელდება, ან რატომ უნდა აწვალოთ ან რატომ უნდა დაიხარჯოთ მეტად. მენდეთ, ყველაფერი კარგად იქნება, ახალგაზრდა ორგანიზმია მითუმეტეს.--დამაჯერებელი ტონით გასცა პასუხი ექიმმა.
--კარგით, დიდი მადლობა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის. დამატებით თუ რამე გახდა საჭირო, გთხოვთ მაცნობოთ. ყველაფერზე უპრობლემოდ ვიზრუნებ--პირობა მისცა ლევანმა. დაემშვიდობა და შემდეგ გაახსენდა, რომ მკურნალობის ხარჯი არ ჰკითხა, უკან გადარეკვის მოერიდა და მეორე დღისთვის გადადო.
თაიას ნანამ ლევანის მოკითხვა და გამოჯანმრთელების სურვილი გადასცა, ექიმთან საუბარი არ უხსენებია.
თაია ყველა თანამშრომელს მოაკლდა, არა თუ ბავშვებს. ნინი როგორც კი მოიწყენდა, მაშინვე მოიყვანდნენ ხოლმე ხასიათზე აღმზრდელები. ასე უწყობდნენ ხელს პატარა გოგონას, რომელიც მასზე იყო უკვე მიკედლებული.
მეორე დღეს ექიმთან საუბრის დროს გაარკვია ლევანმა თანხის რაოდენობა და მოსთხოვა საჭირო ანგარიში მის გადასახდელად, თან სთხოვა ოჯახისთვის არ გაეგებინებინა მისი ვინაობა, უხერხულად რომ არ ეგრძნოთ თავი. ექიმიც დაჰპირდა...
მესამე დილას ქირურგიულ განყოფილებაში გადაიყვანეს და უფლება მისცეს მნახველების მიღების. ნელი წელში გაიმართა თითქოს, შვილის გვერდით რომ შეძლო ყოფნა. მეზობლები, თანამშრომლები, მეგობრები ერთმანეთს ცვლიდნენ და მათთვის საყვარელ გოგონას მარტო არ ტოვებდნენ. ასე გავიდა დროც უფრო მალე და ანალიზების აღების შემდეგ, ექიმმა ღიმილით აუწყა, რომ შესაძლებელი იყო მისი სახლში დაბრუნებაც. გაიხარა გოგონამ, ეგონა მაშინვე უნდა წასულიყო, მაგრამ ისევ მკურნალმა აუხსნა, რომ ყველაფერს თავისი წესი აქვს, რაც გამზადდება და ხვალ უკვე გაგწერთო.
უნდა მოეთმინა ის დღეც, აბა რას იზამდა, დამორჩილდა საავადმყოფოს წესს.
მეორე დილით ყველა საჭირო საბუთი, ავადმყოფობის ფურცელი მიუტანეს და მისცეს სახლში წასვლის ნებართვა. დედაშვილმა გადაწყვიტა ტაქსი წასულიყვნენ, რომელიც მუდამ იდგა საავადმყოფოს ეზოში.თაიას ქვედა კიდურებზე არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, სიარული თავისუფლად შეეძლო, თუმცა სისუსტეს კი განიცდიდა. შეძლებისდაგვარად დაეხმარა დედას ნივთების ჩალაგებაში და უცებ გაახსენდა, რომ მკურნალობის თანხა? რატომ არაფერი უთხრა ექიმმა? ისე ხომ ვერ წავიდოდნენ, გადაუდებელი მდგომარეობა კი იყო, მაგრამ რაღაც რაოდენობა ხომ უნდა დაფარულიყო. გასარკვევად თვითონ წავიდა მის სანახავად.
--რაო გოგონი, გეჩქარებოდა სახლში წასვლა და ახლა რომ გაგიშვით, ხომ არ გადაიფიქრე? -შეეხალისა ექიმი.
--რამდენი უნდა გადავიხადოთ, რომ არაფერი მითხარით, ხომ უნდა მცოდნოდა და ბოლო ვადაც...--შეწუხებული ხმით იკითხა თაიამ.
--უჰ, არ მითქვამს? მეც დამავიწყდა ეტყობა--ფეხზე ადგა და თავისი შვილის თანატოლ გოგონასთან ახლოს მივიდა, თავზე ხელი გადაუსვა და მომღიმარმა უთხრა--ჩემო კარგო, უფალი მოწყალეა, ხომ იცი ...კეთილი ადამიანების არსებობისა ხომ გჯერა...გადახდილია ყველაფერი, თავისუფალი ხარ, შვილო. ნურც რაოდენობას იკითხავ და ნურც იმ პიროვნებას, ვინც სიკეთე გაიღო. დედასაც ასე უთხარი და წადით, ორი კვირის შემდეგ კი, როგორც შევთანხმდით, აქ გელოდები ძაფების ამოსაღებად, აბა შენ იცი, როგორ იყოჩაღებ--თქვა და გულზე მიიხუტა თაია.
კაბინეტიდან გაოგნებული გამოვიდა გოგონა, მადლობის თქმაც ვერ მოახერხა, ან ვისთვის უნდა ეთქვა, ისიც ვერ გაიგო.
ასეთი სახით შვილის დანახვა დედას უჩვეულოდ ეჩვენა, მაგრამ რომ გაიგო რაშიც იყო საქმე, თვითონაც გაოგნდა. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს გარდა იმისა, რომ თანამშრომლებმა შეკრიბეს ალბათ , თანდათანობით გადავიხადოთ და მადლობაც ვუთხრათო.
საღამოს პირზე ქალბატონი ნანა და გულიკო დეიდა ესტუმრნენ თაიას ახლა უკვე სახლში, ხილით და საჭირო პროდუქტებით დატვირთულნი.
--ნანა დეიდა, რატომ შეწუხდით ასე, თქვენც ხომ თქვენი ოჯახები გაქვთ, ის არ კმაროდა, საავადმყოფოს ხარჯი, რომ დაგიფარიათ? ერთბაშად ვერა, მაგრამ მალე დაგიბრუნებთ...
---რა თანხა, შვილო. ჩვენ არაფერი გადაგვიხდია, რაოდენობა მართლა არ ვიცი, მაგრამ ვინც გადაიხადა, ღმერთმა გაუმარჯოს, ერთი ათასად დახვდება წინ სიკეთე--სიამაყით ამოთქვა მან.
---რა? თქვენ არა? აბა ვინ? --ახლა უფრო გაუფართოვდა გაოცებით თვალები თაიას, არანაკლებ დღეში ჩავარდა ნელიც.
--არაფერია, დამშვიდდით. სამი დღის წინ ლევანი ესაუბრა შენს ექიმს, აინტერესებდა შენი მდგომარეობა, საჭირო ხომ არ იყო საზღვარგარეთ გადაყვანა, მაგრამ საავადმყოფოში უთხრეს, რომ არ იყო ზედმეტი არაფერი საჭირო და პირობა მისცეს, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მე მაშინ არაფერი ვიცოდი, მან გაარკვია და თანხაც დაფარა. აბა ჩემო კარგო, სხვა ბავშვებს წელიწადში ერთხელ არ კითხულობს არავინ, ნინის მამა კი ასეთი გამოდგა, ბარაქალა მას. ღმერთმა ბევრი მისცეს, რომ სულ სიკეთე აკეთოს. მე მას მარტო შენი სახელით კი არა, ჩვენი კოლექტივის სახელით გადავუხდი დიდ მადლობას.ხედავ უფალი რა მოწყალეა? დაილოცოს მისი სახელი--თქვა და პირჯვარი გადაიწერა ნანამ, შემდეგ კი ყველა იქ მყოფმა.
მალე წავიდნენ ეს კეთილი ადამიანები. შინ დარჩენილებს კი დასვენება ისე სჭირდებოდათ, როგორც ჰაერი, საკუთარ ლოგინში დაწოლა.
ამის შემდეგ ყოველდღიურად მიდიოდა თაიასთან ორ-ორი თანამშრომელი, არც მეზობლები და მეგობრები სტოვებდნენ უყურადღებოდ, ნათესავებმაც გაიგეს და მოინახულეს. ასე გავიდა ორი კვირა, თაიას ძაფებიც ამოუღეს, ცოტა შეღავათი იგრძნო.ხელზე, თითების მოძრაობა დაიწყო, ვარჯიში და დღითიდღე უბრუნდებოდა ძალა უმნიშვნელოდ,მაგრამ მაინც გრძნობდა უკეთესობას.აღარც ჭრილობის დამუშავება ჭირდებოდა, რადგან მშვენიერად გამოიყურებოდა, ექიმი ძალიან კმაყოფილი იყო მიმდინარე პროცესით.
ერთ საღამოს თანამშრომლებმა დაურეკეს და საიდუმლო გაანდეს--ხვალ შენს აქ მოყვანას აპირებს, ჩვენი უფროსი. ბავშვებსაც მოენატრე და შენც რომ მოგენატრებოდნენ, ვიცით. არ გაგვამხილო, მაგრამ ასეა..
გაახარა მოფიქრებულმა, თაია. კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა თავისი სამსახური. დილით დედას დახმარება სთხოვა და თავი მოიწესრიგა, ტანსაცმელიც საგარეო ჩაიცვა დედის დახმარებით და მოუთმენლად ელოდა მათ მოსვლას. თერთმეტი საათი იქნებოდა, ზარის ხმა რომ გაისმა. დედამ გაუღო კარები და სახლში აქ უკვე ნანა დეიდა შევიდა.
-აბა, როგორა ხარ , ჩვენო პრინცესავ? ოჰ..გამოპრანჭულხარ კიდეც, ხომ არსად მიდიოდი?--სიცილით ეკითხებოდა ნანა.
სანამ თაია პასუხს გასცემდა ოთახის კარებში...ლევანი გამოჩნდა. მოულოდნელობისგან სუნთქვა შეეკრა გოგონას, დაიბნა ნელიც...
---არ მელოდით? კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში--თამამად თქვა ლევანმა და ჯერ თაია გადაკოცნა, შემდეგ ნელი. ნანამ ნელის სტუმარი გააცნო--შენა ხარ, შვილო, ჩვენი კეთილი ანგელოზი? მადლობა ეყოფა თქვენს სიკეთეს? როგორ გადაგიხადო მე?-- ვეღარ გაიგო ქალმა რა ეთქვა.
--არაფერი, ქალბატონო. მთავარია თაია იყოს კარგად.--უპასუხა ლევანმა.
--დაბრძანდით, ტკბილეულს მოგართმევთ ახლავე--დაფაცურდა ნელი.
--არაფერია საჭირო, უნდა წავიდეთ და თქვენც უნდა წაგიყვანოთ, იქ პატარები გველოდებიან, თაიას ელოდებიან უფრო სწორედ--თქვა ნანამ და წინ, გასასვლელი კარებისკენ წავიდა--აბა მომყევით!!
ლევანი თავისზე წინ გაუშვა და თაია თან გაიყოლა, უკან კი ნელი გაჰყვათ.
ბავშვთა სახლის ეზო შორიდანვე ფერადი ჩანდა, ამინდიც ხელს უწყობდათ, მზე იყო და სიმშვიდე...ბავშვები ეზოში იყვნენ მოფენილი ლამაზი ყვავილებივით, თუმცა არც ყვავილები აკლდა იქაურობას.
პირველი ნანა შევიდა და პატარებს დაუძახა--მოდით აბა ჩემთან, ნახეთ ვინ მოგიყვანეთ...
თაიას დანახვაზე გოგო-ბიჭებმა მხიარული ჟივილ-ხივილი ატეხეს და ყველა ერთად მისკენ გაიქცა, გოგონა ცალი ხელით ყველას მოფერებას ცდილობდა, ყველას უნდოდა გულში ჩახუტებოდა...ბოლოს შეამჩნიეს, რომ მათ შორის ნინი არ იყო...გოგონა შენობის კედელთან იდგა დამუხტული, დაძაბული, მაგრამ თვალებგაბრწყინებული. მას თითქოს სათავისო ადგილი ეცოტავებოდა თაიასთან მისასვლელად, როგორც კი სიხალვათე იგრძნო, ხელები გაშალა და ...დედიკოო--ხმამაღალი ძახილით მისკენ გაიქცა. ასეთ რეაქციას ნამდვილად არავინ ელოდა, უფროსები გააოცა ბავშვის საქციელმა და უნებურად ყველას აუკიაფდა თვალზე ცრემლი. მხოლოდ ლევანს არ გაჰკვირვებია შვილის ქცევა, მან იცოდა, რომ ეს დღეს თუ ხვალ მაინც ასე იქნებოდა. როცა ვნებათა ღელვა ცოტა ჩაცხრა, საბოლოო და გადამწყვეტი სიტყვა მან თქვა:--თაია, ხედავ რა მოხდა?ხედავ უფალი რა ძლიერია? როგორ უთქმელად, წინასწარი განზრახვის გარეშე მოაგვარა, დააგვირგვინა შენი და ნინის სიყვარული? მე ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან, ბოლო ეს იყო, მაგრამ მოვლენებს არ გავასწარი, შესაფერის მომენტს ველოდებოდი და...ამაზე უკეთესი, ამაზე ხელსაყრელი მომენტი რა უნდა იყოს...ვიცი, რომ ჩემი გოგონა ძალიან გიყვარს, ვიცი, რაც ჩაფიქრებული გქონდა და რისიც გეშინოდა, მაგრამ ხედავ როგორ შემობრუნდა ყველაფერი? არანაირი ხელის შეშლა--მეც გთავაზობ ჩემს გულს და ამდენი ხალხის წინაშე გთხოვ ხელს....პირობას გაძლევ , რომ ბედნიერი იქნები--თქვა და მარჯვენა ხელის უსახელო თითზე ოქროს რგოლი გაუკეთა.
თაია სად წასულიყო, არ იცოდა ან გულზე მიხუტებული ბავშვისთვის რა ეთქვა...დაბნეულობა თანამშრომლების ოვაციამ გაფანტა--გილოცავთ! გილოცავთ! ეზოს გარეთაც კი ისმოდა მათი მხიარული შეძახილები.
,,ეთო" სექტემბერი. 2024.
დასასრული.
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше фото, видео и найти новых друзей.
Комментарии 5