თავი მესამე.
ლელა თვალდახუჭული იწვა.ექთანი მალ-მალე ამოწმებდა გადასხმის სისტემას.
პალატაში სანიტარი შემოვიდა, ვითომ ოთახი უნდა გამოეწმინდა,თან ცალი თვალი გოგოსკენ ჰქონდა.დამამშვიდებელმა მაინც თავისი ქნა, იწვა და არაფერზე,ან ყველაფერზე უემოციოდ ფიქრობდა.მთავარი ექიმის კაბინეტში თათბირი ჰქონდათ ლელას მშობლებს, მილიციის უფროსს,მამუკას მამას.
- რა ვქნა-ხელები გაშალა მთავარმა ექიმმა,-ბავშვს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს,სისხლის მოწამვლას კიდევ ძლივს გადაურჩა..მე უფლება არ მაქვს ეს ყველაფერი დავმალო,თუ ვინმე ჩემამდე მოვიდა.ჩემს კარიერას და სუფთა სახელს ვერ შევწირავ თქვენს უგუნურ საქციელს.მეტი სათქმელი მე არაფერი მაქვს,სხვა თქვენ გაარკვიეთ ერთმანეთში-გულმოსულად დააფერთხა ფონენდოსკოპი მაგიდაზე.
-მილიციის უფროსმა მშობლებს შეხედა,იმის მაგივრად,რომ ცა ჩამოემხოთ გამტაცებლებისა და მათი ხელისშემწყობებისთვის,გასუსული რომ ისხდნენ მთავარი ექიმის კაბინეტში.
-კარგით, გარეთ დავილაპარაკოთ-მძიმედ წამოდგა ფეხზე სამამამთილო.
საავადმყოფოს ეზოში ჩავიდნენ.ნაძვების ძირში გამართულ ძელსკამთან მოიყარეს თავი.
-რაც მოხდა მოხდა, კარგი იყო ჩემს შვილს ჭკუა დაეტანებინა,ჯერ გაეცნო გოგო,დალაპარაკებოდა,თავი შეეყვარებინა და მერე ვინ დაუშლიდა,მაგრამ,ახალგაზრდებს ჭკუა არ მოეკითხებათ-მამუკას მამამ გულმოსულად გაისროლა სიგარეტის ნამწვი.
-ახლა ამ საქმეს ჩხუბი და დავიდარაბა აღარ უშველის,რაც უფრო გავქექავთ,მით უფრო აქოთდება..ეს ერთი ბიჭი მყავს,მაგისთვის ვშრომობ, ვიდგამ წელებზე ფეხს..არ დამიფასა,შეკითხვის ღირსიც არ გამხადა.
- თქვენი გოგო ბავშვია ჯერ, სახელი გაუტყდება,მომავალი გაუფუჭდება..
ამიტომ სჯობს დავმძახლდეთ, თქვენს შვილს შვილივით მივიღებ, არაფერს გავუჭირვებ,სწავლას თუ მოინდომებს ვასწავლით,ოჯახს და ბიჭს ვერ დამიწუნებთ, აბა,რას იტყვით..
- ჯერ რა დროს მისი გათხოვებაა,ბავშვია სულ-ამოიკნავლა ლელას დედამ.
-ბავშვი რომ არის,ახლა უნდა გათხოვება ქალბატონო, თორემ ჩემი და ორმოცდაათი წლისაა, გაუთხოვარი მიზის სახლში,აბა იმას კი არ მოიტაცებს არავინ-ჩაიხვიხვინა მილიციის უფროსმა.
მამას თავი ჰქონდა ჩაღუნული,გაცვეთილი ფეხსაცმლის წვერით ქექავდა ძირსჩამოცვენილ ხმელ წიწვებს.
გლეხკაცს- ქალაქელი,გაქნილი საქმოსანი სამძახლო და მილიციის უფროსი დიდი ვინმე ეგონა..ხათრით შეპასუხება ვერ გაუბედა ვერცერთს.
- ბავშვი არ დაგვთანხმდება,ხომ ხედავთ გონზეა გადასული-გაბრძოლება სცადა დედამ.
- ბავშვს დაელაპარაკეთ ქალბატონო..დედა ხართ,როგორც ეტყვით ისე მოიქცევა-იმედი მიეცა სამამამთილოს..-ნუ დამიღუპავთ შვილს,ნუ გამიხდით საციხედ.მარტო ჩემი შვილი ჯანდაბას,ოთხი ოჯახი დაიღუპება კიდევ..ერთი წიწილივით გოგოს სიტყვაზეა ამდენი ხალხის ბედი დამოკიდებული, დამიდექით გვერდით და მერე მე ვიცოდე..დედოფალივით ვაცხოვრებ თქვენს შვილს-თვალები გაასრიალა იმედმოცემულმა სამამამთილომ.
მარიტასავით გაიყიდა იმ საღამოს ლელა.უნიათო მშობლებმა შვილის დაცვა ვერ შეძლეს,გავლენიანმა სამამამთილომ ჯიბე ფულით ამოუვსო ყველას..მილიციას,სკოლის დირექტორს,მთავარ ექიმს..კაცისშვილი არ გაჩნდა ლელას გამომსარჩლებელი,გვერდით დამდგომი, ფულზე გაყიდეს პატარა გოგო, თვაგზა აურიეს, გააბრიყვეს, მოატყუეს.
-სკოლას ნუ შეგვირცხვენ შვილოო-საწერკალმით და ფურცლით თავზე დაადგა დირექტორი, სჯობს დაწერო ხელწერილი,რომ გიყვარდა და შენით გაყევი,მერე ფორმალურ კრებას მოვიწვევთ სკოლაში, საყვედურს გამოგიცხადებთ ასევე ფორმალურად, მორჩება ყველაფერი,იცხოვრე ბედნიერად შენს ქმართანო..
-სიყვარული მერე მოვა პატარა გოგო-მიჩენილმა ექთანმა უთხრა, აგერ მეც შენსავით ბავშვი გავთხოვდი,უსიყვარულოდ,მაგრამ მე არაფერში არ გამიმართლა, სულ ვჩხუბობთ..ჩხუბი არ ქონობას მოსდევს,შენ ყველაფერი გექნება:გამართული ოჯახი,მოსიყვარულე ქმარი, ახალგაზრდა დედამთილი.არაფერს მოგაკლებენ..პირველ ბედს ხელი არ ჰკრა, ცხოვრებას სანანებლად ნუ გაიხდიო.დაწერე ხელწერილი, დაელაპარაკე იმ ბიჭს,გაიცანი,ნახე როგორ შეგიყვარდეს.
.
ფარშევანგამოქარგული ატლასის ხალათი და ვარდისფერი პენუარი მოუტანეს გოგოს,ვარდისფერი ქოშები, საცვლები..
-დედაა,შეხედეთ,შეხედეთ,რა აღარ შემოაყარესო- ქაქანებდა ჭუჭყიან ხალათში გახვეული მსუქანი სანიტარი,ლელას დედა მორიდებით იქაჩავდა მუხლებზე,გადახუნებულ ჩითის კაბას.
მაღალქუსლიანი ჩექმების რაძგუნით შემოაღო კარები სადედამთილომ. შემოაფრიალა კოჭებამდე დაშვებული ტყავის ლაბადა და "კრასნაია მასკვას" მძაფრი სუნი.ლელას დანახვაზე ერთი კი გაუცივდა თვალები,მაგრამ თავს მოერია, გულში ჩაიკრა გოგოს თავი.
ლელამ მკერდზე დაბნეულ უზარმაზარ გულსაბნევს მიაჭირა საფეთქელი.
პატარა ხელებზე ბორკილებივით დაჰკიდეს ბრილიანტისთვლიანი ბეჭდები, ოქროს სამაჯურიანი საათი.კისერზე მძიმე ჯაჭვი.ოქროებით დაამუნჯეს ლელას დედმამა, საჩვენებელი თოჯინასავით აასხეს ტან-ფეხზე..თავისი გემოვნებით გამოაწყობდა დედამთილი, სადმე წაიყვანდა, ხალხს უვსებდა თვალებს რძლის სინორჩით,თავის სიმდიდრეს უკეთებდა დემონსტრირებას.სახლში მობრუნებულს სათითაოდ წახსნიდა ყველა სამკაულს,შენ ბავშვი ხარ,არ დაგეკარგოსო..საგულდაგულოდ ჩაკეტავდა ზარდახშაში.
არ მოვიდა სხვის სიტყვაზე სიყვარული..შიშით უყურებდა თავის ქმარს,რომელიც თავიდან მართლა ცდილობდა გოგოსთვის თავი შეეყვარებინა,არც სითბოს აკლებდა, არც ყურადღებას.მაგრამ ცოლქმრობა მარტო მოფერება ან ლოგინის გაზიარება არ არის,მითუმეტეს რომ ვერც ღამეულ,ცოლქმრულ მოვალეობას აუღო გოგომ ალღო.ვერ მოერია შიშს..ბიჭის ყოველი შეხება რომ იწვევდა..ვერ ჩამოყალიბდა ვნებიან,მოსიყვარულე ცოლად.
ჯოჯოხეთად ექცა მდიდარი ოჯახის რძლობა: ბავშვი ხარ,როგორც გეტყვი ისე ჩაიცვი.
ბავშვი ხარ როგორც გეტყვი ისე დაალაგე.
როგორც გეტყვი ისე მოიქეცი.
ისე ჭამე.
ისე დაილაპარაკე.
მამამთილს ხომ არ ელეოდა სასაყვედურო:
რაც ამის მოყვანა დამიჯდა,ქალს ბრილიანტისას გიყიდდი შე დედამო@@@ლოო- ამუნათებდა შვილს.
მეზობლის ატუზული ბავშვებივით მოვიდოდა დედ-მამა.მორიდებით ისხდნენ მაგიდის კუთხეში, თვალს ვერ უსწორებდნენ ახვნეშებულ მძახლებს, კიდევ ერთხელ დაითრგუნებოდნენ თავიანთი სიღარიბით და მხრებჩამოყრილი წავიდოდნენ.
- არც მაგათი ქონება მინდა,არც მაგათი დამადლოებული ოქროები, არც მაგათი მბრძანებლობა..ცოტა უკლიათ თავში არ წამომარტყანო-შესჩივლა ლელამ დედას.
- გაჩუმდი გოგო,ქერის ორმოში ხარ ჩავარდნილი,ხმას ნუ იღებ,შეირგე და ბევრს ნუ ტლიკინებო-მამამ შეუყვირა.
- ფეხმძიმედ რომ დარჩა,გულის კანკალით მიახარა ქმარს-ორსულად ვარ მგონიო.
მამუკამ დედას მოახსენა როგორც გათენდა.
- არ გადამრიოთ,ჯერ ერთი ბავშვი მომიყვანე,ეს მყავს გასაზრდელი, და მეორე ბავშვს ვეღარ გავზრდი..ახალგაზრდები ხართ,შვილები იმდენი გეყოლებათ ვერ დაითვლით.მე ჯერ ბებიობისთვის მზად არ ვარო- ბეჭედი დასვა დედამთილმა.
სიცოცხლე დატოვა ლელამ საავადმყოფოში,ახალჩასახულ ბავშვთან ერთად.სძულდა სამყარო და სძულდა ადამიანები:ქმარი,მამამთილი,დედ-მამა,ექიმები,მაგრამ ყველაზე უფრო დედამთილი სძულდა,ცივსისხლიანი მკვლელი ქალი,ერთი სიტყვით რომ გადაწყვიტა პატარა,ცოცხალი არსების ბედი
*******
ტანზე ჩაცმა არ გაკლია და მოითმინე...
საჭმელ-სასმელი არ გაკლია და მოითმინე..
გაბზიალებული სახლ-კარი გაქვს და მოითმინე..
ეს იყო მშობლების პასუხი ლელას ცრემლებზე.
მამუკამ მოიყვავილა მოტაცებული ცოლი, მოსწყინდა მისი სევდიანი სახის ცქერა, სახლში დასვა,თვითონ ფრთები გაშალა..დილიდან დაღამებამდე დააგრიალებდა ათასი ჯურის ქალებს აღმა დაღმა..
ლელა შინამოსამსახურედ იქცა ერთ წელიწადში..
წარბაწეული დედამთილი დილას გეგმას შეუდგენდა,თუ რა უნდა ეკეთებინა დღის განმავლობაში.
უნდა დაელაგებინა,სარეცხი დაერეცხა, სადილი გაემზადებინა..სტუმრები გაღიმებულს მიეღო..მამამთილის ძმაკაცებს გამასპინძლებოდა..
ფეხმძიმედ ვეღარ რჩებოდა..
სადღეგრძელოს რომ იტყოდნენ ახორხოცებული,მთვრალი კაცები, ლელას სიკვდილი უნდოდა..
-შვილიშვილი გინდათ,შვილიშვილი,ბაბუობა დაგმშვენდებაო.
-ზარმაცობს ეს დედა@@@ული,ერთი ბავშვი ვერ გააკეთაო- შვილს ჩაარტყავდა მამამთილი ხელს ბეჭებში.
ლელა თვალებს ხუჭავდა,ცრემლს აბრუნებდა უკან..
მეორე,მესამე წელს დედამთილს მობეზრდა ამდენი შეძახილი:შვილიშვილი,შვილიშვილიო..
ლელას დედა დაიბარა, უნაყოფო ხე არ მინდა ეზოში,წაიყვანე შენი შვილი ექიმთან,იქნებ დაფეხმძიმდესო.
დედამ შეპასუხებაც ვერ გაბედა, ლელას ხელი მოჰკიდა და ექიმთან წაიყვანა.
განაჩენი სასტიკი იყო..შვილი აღარ ეყოლებოდა..
გაყინული სხეულით დაბრუნდა სახლში, ოთახში ჩაიკეტა,სიმწრით კედელს ურტყა თავი.
დედ-მამას ახალი საჯავრელი გაუჩნდათ, უშვილობის გამო არ გამოგაგდონო..
არავის უდარდია პატარა გოგოს დაჩეხილი სხეული, ძალით დამახინჯებული ცხოვრება, განადგურებული მომავალი,მოსამსახურის როლი ოჯახში.
ნუთუ ეს იყო მისი ცხოვრება.
არადა, მისი ოცნებები ვარდისფერი იყო და ფერადი..ბევრი მზით,ბევრი სიყვარულით გამთბარი.
ახლა?? ახლა ყველაფერს თალხი ჰქონდა გადაკრული.
შორეული ნათესავის დასაფლავებაზე იყვნენ.ისევ საჩვენებელი თოჯინასავით გამოაწყვეს ლელა, აასხა მთელი ოქრო დედამთილმა,გვერდით ამოიყენა.
გვიან დაბრუნდნენ, დაიხსნა ოქროს ნივთები ლელამ, ერთად მოაგროვა, დედამთილს აღარ შეუღო კარები რომ გადაეცა შესანახად, იფიქრა ხვალ მივცემო.უჯრაში ჩადო თავის ოთახში.
მეორე დღეს აღარ გაახსენდა.
არც მესამე დღეს.
მეოთხე დღეს დედამთილმა მოსთხოვა,მომიტანე ოქროები,უნდა შევინახოო..
გოგომ უჯრა გამოაღო,ოქრო აღარსად იყო.
პირკატა ეცა, შიშით ლამის გაიყინა.არ არისო,ძლივს ამოილუღლუღა.
რას ჰქვია არ არისო- ცა ჩამოამხო დედამთილმა თავზე.
-მეტი რა გებარა შე დედამ@@@ო, ერთი საცხოვრებელი მარტო ჯაჭვში მაქვს მიცეული, მოძებნე როგორც გინდაო- ხელი გაარტყა მამამთილმა.
მამუკა სულ არ მოსულა იმ ღამეს სახლში.
შუაღამისას გამოიპარა.ფანჯრიდან გადახტა,წვიმდა,კოკისპირულად წვიმდა.
აღრიალებული,გულამოვარდნილი მირბოდა,ოღონდ სად, თვითონაც არ იცოდა.
მატარებლის კივილი ჩაესმა..თვალები დაუბნელდა..წავალ და ბორბლებში ჩავუვვარდები,მორჩეს ყველაფერიო...
სულ ბნელი ქუჩებით ირბინა თავსხმა წვიმაში სადგურამდე.
ლიანდაგებზე დავარდა, ბინძურ,მაზუთიან ძელებზე..ზურგზე წვიმა უტყლაშუნებდა, უფალს ევედრებოდა: გონება დავკარგო,რომ ტკივილი ვერ ვიგრძნო,ისე დამთავრდეს ყველაფერიო.აღარ ახსოვს რამდენხანს ეგდო, მატარებლის ხმაურმა გამოაფხიზლა,თავი ასწია..მეორე ლიანდაგზე შემოდიოდა სატვირთო მატარებელი.წამოდგა, გამისწორდება და მერე გადავხტები, წამში დამთავრდება სიცოცხლეო.
მატარებლის აბრიალებულ ფარებს თვალს არ აცილებდა..წამიც,ერთი წამიც..გადასახტომად შეემზადა მაგრამ უკანასკნელ წამს გამბედაობამ უმტყუნა,ჰაერში უცნაირად შეტრიალდა და მატარებლის გვერდმა ისე გაჰკრა,ძვლების მსხვრევის ხმა გაიგო.
დილას მემანქანემ იპოვნა,პირქვეჩამხობილი,გალუმპული,გაყინული,სულთმობრძავი.
უახლოეს საავადმყოფოში გააქანეს,ძლივს მოიყვანეს გონზე,დამსხვრეული ჰქონდა თეძოს ძვლები.
სამი დღე ხმას ვერ იღებდა, თავზე გამომძიებელი ადგა, ელოდებოდა როდის დაილაპარაკებდა რომ გაეგოთ,ვინ იყო და საიდან მოხვდა ლიანდაგებზე..
დედამთილ-მამამთილს ქვეყანა შეეყარათ უკვე,რძალმა გაგვძარცვა,ოქროები მოიპარა,და ვიღაც კაცთან ერთად გაიქცა,აბა დედ-მამასთან არ მისულაო.
- სად გაიცნობდა მაგ უბედური კაცს,შინაპატიმრობაში ყავთ რაც მოიყვანეს, გარეთ არ გამოუხედიაო-ტუჩზე ხელმიფარებული ჩურჩულებდნენ მეზობლები,მაგრამ ვინ გაბედავდა ხმამაღლა ხმის ამოღებას.
ექვსი თვე იწვა საავადმყოფოში, ძლივს აუწყვეს ძვლები, მაინც ბევრი დრო სჭირდებოდა რომ გაევლო.მამუკას ვიღაც ჰყოლია, ფეხმძიმედ ყოფილა და ვაჟი გაუჩენია იმ ქალს, ჯერ სახლში არ მიუყვანია,მაგრამ ბინა უყიდეს დედ-მამამ და იქ არიანო-მოდიოდა ხმები ლელამდე.
-თავიც დაიღუპე და ჩვენც დაგვღუპე, მთელი ცხოვრება ინვალიდს უნდა გიყუროთ,მომკვდარიყავი ის ჯობდაო..მამამ უთხრა.მშობელმა მამამ,იმ მამამ,წესით შვილის გამო აბჯარი რომ უნდა აესხა და შვილი დაეცვა.
ლელა გამეხებული იყურებოდა საავადმყოფოს ფანჯრიდან.
-ერთი დღეც იქნება,ეს გოგო ფანჯრიდან გადახტებაო-სანიტარმა თქვა.
არ აპირებდა ფანჯრიდან გადახტომას, ცხოვრება გადააფასა,ის,ვინც ერთხელ სიკვდილს ჩახედავს თვალებში,სიკვდილზე აღარ ფიქრობს..მას სიცოცხლე სწყურია.
და მისი ბრძოლა დაიწყო..ყველას გარეშე,მარტოსულმა,მაგრამ ძლიერმა.
თავიდან ისწავლა ხოხვა,მერე სიარული,მართალია საშინლად კოჭლობდა,მაგრამ დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა.წარსულს სამუდამოდ მიუხურა კარები.მშობლებთანაც გაწყვიტა ურთიერთობა.კერვა ისწავლა და პატარა,სამკვერვალო ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა. დაუყვედრებელლ ლუკმას ჭამდა,თავის თავს ინახავდა.
დღეს კი აქ მუშაობს, ამ უცხო ოჯახში, მოხუცთან, რომელმაც შვილივით მიიღო,მიიჩვია,სახლის და გულის კარი გაუღო..მერე რა რომ თურქია, სამაგიეროდ ადამიანია..
ლელამ ფარდა გადასწია, ოთახში მწუხრი შემოიპარა, ისეთივე იასამნისფერი და სევდიანი,როგორ მისი ფიქრები.
შორენა აბულაძე
დასასრული.
ეს ნოველა ნამდვილ ამბავზეა აგებული.ამიტომ ვერც ვერაფერს დავუმატებ,ვერც გამოვაკლებ სამწუხაროდ, მხოლოდ სახელებია შეცვლილი.ამ სევდიანი ნოველის გმირი თურქეთში მუშაობს. მისი მშობლები გზამართალს წავიდნენ დიდი ხანია,ყოფილი დედამთილ-მამამთილიც..რაც შეეხება მამუკას,ის მიიღო რასაც უფალი ადრე თუ გვიან აღასრულებსხოლმე..
უფალი სამართლიანია🙏
სხვა ჩვენი გასარჩევი არაა..ღმერთი დიდია🙏🙏🙏
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев