3.
მედიდური ნაბიჯებით მივუახლოვდი სიფრიფანა გოგოს და ის იყო უნდა გამოვლაპარაკებოდი, რომ ზღვიდნ ამოსულმა საკმაოდ დაკუნთულმა ბიჭმა მოულოდნელად ზურგზე მოიგდო და ზღვაში გააქანა. კოვზი ნაცარში ჩამივარდა. ეს მშვენიერი გოგონა დაკავებული დამხვდა. ნირწამხდარმა შევცურე ზღვაში. ისევ შორს გავედი და ისევ ზურგზე ვილივლივე კარგა ხანს. სანაპიროზე რომ დავბრუნდი, ინდირა იქ აღარ დამიხვდა. დიდად არ გამკვირვებია. მზის სათვალე მოვირგე და გულაღმა გადავწექი შეზლონგზე. მალევე შემომესმა გოგონების ნაცნობი კისკისი. თვალი რომ გავახილე და მათკენ გავაპარე მუქი მზის სათვალის მიღმიდან მზერა, ის გოგონა იყო, წეღან დაკუნთული პატრონი რომ გამოუჩნდა. მისი კუნთების კი არ მეშინოდა, უბრალოდ მასთან რომ იყო, მერიდებოდა. პატრონიან ქალებზე არასდროს ვიწევდი. ერთი კარგი თვისება მაინც მქონდა არაუშავს...
_აუ, შენ ძმას რამე უთხარი რაა._აწუწუნდა ერთ-ერთი გოგონა._ისევ ჩვენთან მოდის. წეღან ლამის დამახრჩო. არა და ხომ იცის რომ ცურვა არ ვიცი?
რატომღაც დამაინტერესა ვინ ვისი ძმა იყო და წამოვჯექი.
_აუ, ციაკო, გთხოვ, რააა.
ციაკოდ წოდებული ჩემი მოწონებული გოგონა აღმოჩნდა, რომელიც დაკუნთულ ბიჭს მიუახლოვდა და დაბალი ხმით რაღაც უთხრა. კმაყოფილმა მოვიძრე სათვალე და ისე გავხედე. გამოდის, პატრონი კი არა, ძმა ყოფილა ეს ბიჭი და კმაყოფილს გამეღიმა. ციაკომ ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო, მორცხვად გამომხედა. შავი ბრიალა თვალებით ისე მიმზერდა, დამატყვევა. მოულოდნელად, ერთი ხელი მკერდზე და მეორეც წელზე შემომეხვია. ინდირა იყო, რომელმაც კისერთან მაკოცა. ციაკომ მაშინვე მომარიდა ღიმილიანი მზერა და ძმასთან ერთად ბუნგალოებისკენ გაეშურა.
_რაო, ტკბები შიშველი ქალების ყურებით?_ინდირამ ახლა ლოყაზე მაკოცა და მივხვდი, რომ წითელი პომადის კვალი დამატყო.
_მასე შენც ტკბები შიშველი კაცების ყურებით და მე გეუბნები რამეს?_რატომღაც მეწყინა და გამაბრაზა მისმა ნათქვამმა. შარვალს გადავწვდი და ამოვიცვი. პერანგიც გადავიცვი, თუმცა ღილები არ შემიბნევია._ბუნგალოში წავალ, ცივ სასმელს ავიღებ რამეს.
_კარგი, მეც ცოტახანში მოვალ._ახლა მეორე ლოყაზე მაკოცა კისკისით და თვითონ კი ზღვას მიაშურა.
გაფაციცებით ვათვალიერებდი ციაკოს ბუნგალოებში. რაღაც ანდამატივით მიზიდავდა თითქოს მისი მორიდებული ღიმილი და ფარული მზერა. შორიდანვე შევნიშნე და მეც ზუსტად იმ ბუნგალოში მივედი. ბარმენს ცივი და რაც შეიძლება ძლიერი სასმელი შევუკვეთე და ციაკოს მოპირდაპირედ ჩამოვჯექი. ერთი კი შემომხედა და ჩაეღიმა. ქალის ღიმილი, ასე ვთქვათ, მთლად თანხმობადაც არ უნდა მივიღოთ კაცებმა, მაგრამ მოწონებით რომ მოვწონვართ, ეს უდავოა. აშკარა იყო, ციაკოს მოვწონდი. ერთი ჭიქა ცივი რომი რომ გადავკარი, ავჭიკჭიკდი:
_ასეთი ლამაზი გოგონა მარტო რატომ ხარ?_ვკითხე და ჩემი საფირმო ღიმილით შევღიმე, რომელიც არც ერთ ქალს არ ტოვებდა გულგრილს.
_მარტო არ ვარ._მანაც შემომღიმა მორიდებით და რომ იტყვიან მომნუსხა თავისი ღიმილით._აგერ, ალექსიც მოდის.
გავიხედე და ის დაკუნთული ბიჭი დავინახე, წეღან ციაკო რომ მოიგდო ზურგზე და ზღვაში შეიყვანა. ბიჭი სკამზე ჩამოჯდა და ინტერესით შემათვალიერა. ეტყობოდა, რომ სტეროიდებით ქონდა კუნთები დაყენებული, თორემ რაც მე სპორტდარბაზებში დავდივარ, იმის ნახევარი გარშემოწერილობა არ მქონდა.
_იცნობთ ერთმანეთს? ხომ არ გაწუხებს?_ციაკოს მიუბრუნდა ბიჭი.
_ანჩოს ძმაა. სულაც არა._ჩურჩულით კი უთხრა, მაგრამ მე მაინც გავიგონე.
ყურები ვცქვიტე. გამოდის მიცნობდა. ანჩოს ძმად მომიხსენია, ესე იგი, ანჩოს მეგობარია, მაგრამ რომ ვერ ვიხსენებ? არ არსებობს, სადმე გამეცნო და დამვიწყებოდა მისი თვალები ან ეს მომნუსხველი ღიმილი. ტვინი სრული დატვირთვით ავამუშავე, შორეულ წარსულშიც კი გადავიჭყიტე, მაგრამ ვერაფრით გავიხსენე ციაკო ჩემი დის გვერდით. კითხვა ნამდვილად მომერიდა. თბილისში რომ დავბრუნდებოდი, ანჩოს ყველა მეგობარს გამოვიკვლევდი და მივაგნებდი ამ ციაკოსაც. ქალების უკმარისობას ნამდვილად არ განვიცდიდი, მაგრამ იყო ამ გოგოში რაღაც ისეთი, მის სურვილს რომ მიორმაგებდა. ვერ ვიტყვი, რომ მადისაღმძვრელი ფორმები ქონდა, როგორც ინდირას, ყველა კაცს რომ მის მკერდზე და თეძოზე რჩებოდა თვალი. არც მაღალი მკერდი ქონდა და არც განიერი თეძოები. გამხდარი, სიფრიფანა გოგო იყო. ნარინჯისფერ საცურაო კოსტუმში საშუალო ზომის მკვრივი მკერდი მოუჩანდა. ძუძუს თავები ლამაზად ეტყობოდა. ჩემს დამპლურ და გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია ის, რომ ხელშეუხებელი იყო. რომელ ხელის შეხებაზე იყო საუბარი, ალბათ ნაკოცნიც კი არ ქონდა არავისთვის. ასე, დაახლოებით ოცი წლის თუ იქნებოდა. მისი ღიმილიანი ფარული მზერა რომ დავიჭირე, ღაწვები აუვარდისფრდა და მზერა მომარიდა. ჩემს უკან გაიხედა. ვიღაცას დაჟინებით მიაშტერდა. მივხვდი, ინდირა იქნებოდა და არც შევმცდარვარ. გამომწვევად მოგვიახლოვდა, გვერდით მომიჯდა და მომეხუტა.
_ნომერში არ ავიდეთ საყვარელო?_თავისკენ მიმაბრუნა და ტუჩებში მადიანად მაკოცა.
ასე შეგნებულად იქცეოდა. ინტერესი შემატყო სხვა ქალის მიმართ და იმ სხვას უღობავდა ჩემსკენ მოსასვლელ გზას.
დიდი ჩალიჩი არ დამიწყია ციაკოსთვის, გავიგე რომ ანჩოს იცნობდა, მის სამეგობრო წრეში იტრიალებდა და იქ მოვძებნიდი ადვილად. აქ კი, ინდირას ისტერიკების მოწყობას მოვერიდე. უწადინოდ წამოვდექი. თვითონაც ამყვა. სუროსავით შემომხვია წელზე ხელები და ასე წავედით სასტუმროში. ციაკოს სურვილი და ჟინი ინდირაში ჩავიკალი. მერე რესტორანში მოვსხედით და გემრიელად ვივახშმეთ. რატომღაც თვალებით მაინც ციაკოს დავეძებდი ყველგან, ასე, ერთი ნახვით რომ დამიპყრო და დამიმონა. ღამით ბულვარში გასეირნება მოვიწადინე. იმედი მქონდა სადღაც მაინც გადავეყრებოდი, მაგრამ სულ ტყუილა ვიწანწალე. მე თორემ, ინდირა კარგად გაერთო. სასტუმროში დაბრუნება აღარ უნდოდა. გვიან ავედით ნომერში. ვნებამორეული ქალისთვის უარი არც მაშინ მითქვია, გამომწვევად რომ კისკისებდა და აშკარად მაგრძნობინებდა რომ ვუნდოდი. თუმცა , შევატყე ჩემს თავს, რომ ძველებური ჟინი აღარ მქონია მის მიმართ. ეს ყველაფერი კი ციაკოს ბრალი იყო. თვალებს ვხუჭავდი თუ არა, მისი შავი ბრიალა თვალები მელანდებოდა. სხვა ქალებისგან განსხვავებით ჩემს ფიქრებში მას ვერ ვაშიშვლებდი. დღისით დანახულ მის ძუძუსთავებზეც კი არ ვფიქრობდი რატომღაც. მისი თვალები და მისი ლამაზი ღიმილი მედგა თვალწინ. მისი მორიდებული გამოხედვა და ამ დონჟუან კაცს პატარა ბიჭივით მაფორიაქებდა.
ღამე ვერ მოვისვენე. ვერა და ვერ მოვხუჭე თვალი. ფრთხილად ავდექი. მაისური და შორტები ამოვაძვრინე ჩემი ჩემოდნიდან, გადავიცვი და ფეხაკრებით გამოვიპარე ნომრიდან. ალიონზე ბულვარში ვისეირნე უაზროდ. მერე ზღვის სანაპიროზე გავედი და ახლა იქ ვიწანწალე. რომ მომწყინდა, სასტუმროში დავბრუნდი. ჰოლში ციაკოს გადავაწყდი. გამიკვირდა ერთ სასტუმროში რომ ვიყავით და არ ვიცოდი. ის გამოდიოდა, მე კი შევდიოდი.
_დილამშვიდობისა._დაბნეულმა შემომღიმა._გეტყობათ, მზის ამოსვლით ტკბებოდით სანაპიროზე, მე კი სამწუხაროდ დამეძინა.
მისი თვალების შემონათებამ გული გამიჩერა თითქოს. არ ვიცი, რაღაც ნარკოტიკივით მოქმედებდა ეს გოგო ჩემზე და მაბრუებდა მისი სიახლოვე.
_თუ გინდა, საღამოს, მზის ჩასვლა ვნახოთ ერთად._თითქოს ვიღაც იჯდა ჩემში და ის ლაპარაკობდა ჩემს მაგივრად.
_მართლა? შეძლებთ?_გაკვირვებულმა შემომანათა თავისი შავი თვალები და უკვე მეორედ გამიჩერა გული.
_კი, რა პრობლემაა._ვუთხარი და გავუღიმე._მითხარი რომელ ნომერში ხარ და მოგაკითხავ.
_ჰოლში დამელოდეთ და მე თვითონ ჩამოვალ._ეშმაკურად მოწკურა თვალები და გარეთ გავიდა. გაყოლვას ვაპირებდი წუნკალი ძაღლივით, მაგრამ კიბეზე ჩამომავალი ინდირა რომ შევნიშნე, გადავიფიქრე.
_სად იყავი საყვარელო?_კისერზე მომხვია ხელები და ხალხის თვალწინ მადიანად მაკოცა.
__სანაპიროზე გავისეირნე. ცოტა ვირბინე კიდეც. დავიღალე. წავალ, შხაპს მივიღებ, ცოტას დავისვენებ და ჩამოვალ. შენ საით?_ხალათით რომ იყო, გამიკვირდა.
_აუზზე ვიქნები თუ მალე ჩამოხვალ.
_კარგი._ახლა მე ვაკოცე და თან დუნდულაზე წამოვარტყი მსუბუქად ხელი, რომ ძველებური ბაჩო ეცნო და ეჭვიანობის სცენები არ გაემართა ჩემთვის..
გამომწვევად აკისკისდა და ისე წავიდა აუზისკენ.
ნომერში ასვლისთანავე აბაზანაში შევედი. რამდენ ხანს დავყავი იქ არ ვიცი. კარგა ხანს რომ ვიდექი შხაპის ქვეშ და ციაკოს ღიმილზე ვფიქრობდი, ეს კი ვიცი. ასე, ერთი ნახვით როგორ მომაჯადოვა ამ გოგომ, მიკვირდა. ჩემთვის უცნობი განცდებით და გრძნობებით ვიყავი სავსე. ასეთი რამ ცხოვრებაში არ გამომეცადა ნამდვილად. დღე როგორღაც გადავაგორე ინდირასთან ერთად. საღამოს კი ძველი მეგობრის მონახულება მოვიმიზეზე, ინდირა ნომერში დავტოვე და უკანმოუხედავად გამოვვარდი ოთახიდან. ჰოლში დიდხანს მომიწია ლოდინი სანამ ციაკო გამოჩნდებოდა. დამინახა თუ არა, შორიდანვე შემომღიმა მორიდებით.
_ბევრი ხომ არ გალოდინეთ?_ისეთი ღიმილით მკითხა, სულ გადამავიწყდა მტანჯველი ლოდინი.
არა-მეთქი, მეც ჩემებურად შევღიმე და სანაპიროზე მზის ჩასვლის საყურებლად გავეშურეთ. ნიავი თმას უწეწავდა. ინდირასავით სცენებს არ აწყობდა, ვაიმე, არიქა და თმა ჩამომეშალაო. დინჯი, ამაყი ნაბიჯებით მოაბიჯებდა ჩემს გვერდით და არაფრად აგდებდა აწეწილ თმას, საოცრად რომ უხდებოდა. აშკარად ხვდებოდა, რომ გამოჭერილი ვყავდი ყურებით. ჩემს თავზე ვბრაზობდი, ასეთი უსუსური რომ ვიყავი მის გვერდით, მაგრამ მისი ერთი შემოხედვა და მართლაც მიჩერდებოდა გული.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა 💜💜
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев