4.
ხალხის თვალისგან მოფარებულ სანაპიროზე გავიყვანე და იქ ჩამოვსხედით საყურებლად. ციაკო მართლაც მოჯადოებულივით შეჰყურებდა მზის ჩასვლას ზღვაში. მე კი მას შევყურებდი მოჯადოებული. ასე უსუსურად არასდროს მიგრძვნია თავი. ვერ ვიტყვი, რომ მის შემხედვარეს ვნება მერეოდა და მისი დაპყრობა მსურდა, მაგისთვის ხომ ინდირა მყავდა? რაღაც ამაღელვებელს და ამათრთოლებელს ვგრძნობდი მის მიმართ. დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩამეხუტებინა, ოღონდ მარტო ჩამეხუტებინა და სხვა არაფერი.
მზის სხივები ჯერ ისევ ალისფრად აფერადება ზღვას, მოულოდნელად რომ წამოდგა და ტანსაცმლიანი მუხლამდე შევიდა ზღვაში. მეც ღიმილით მივყევი და დგაფუნით მივედი მასთან. რომ დამინახა ღიმილით ვუახლოვდებოდი, ოდნავ შეშფოთებულმა ნელ-ნელა დაიხია უკან და თითქმის წელამდე შევიდა. მეც მივყევი ღიმილით. ისეთი საოცარი სანახავი იყო, თავი ვერ შევიკავე, ინსტიქტურად გადავიხარე და ფრთხილად ვაკოცე. ადგილიდან არ დაძრულა. წამიერად გარინდული იდგა და მელოდებოდა, როდის მოვრჩებოდი მის კოცნას. რაღაც მოტკბო გემო ქონდა მის ტუჩებს და მესიამოვნა. როგორც სხვა ქალებისგან ვიყავი ნაჩვევი, მას კოცნაზე კოცნით არ უპასუხია, მაგრამ მაინც ამათრთოლა ამ კოცნამ. გული გამიჩერდა. ასეთი სიამოვნება არც ერთი ქალისგან არ მიმიღია. შევატყე, როგორ შეეკრა თვითონაც სუნთქვა და როგორ ააღელვა ჩემი მთრთოლვარე ტუჩების შეხებამ. მერე ფრთხილად მომიშორა და მორცხვად ამომხედა თავდახრილმა. რაც ყველაზე მეტად ის გამიხარდა, რომ ნაწყენი ან უკმაყოფილო არ იყო ჩემი კოცნის გამო. თავისი შავი თვალებით ერთხანს ჩუმად მომჩერებოდა. სუნთქვაშეკრული ვიდექი მეც მის წინაშე და ველოდი როდის მეტყოდა რამეს, სულაც საყვედურს.
_ყველა ქალს, ვისაც კი დაინახავ, მაშინვე მის საწოლში შეტყუებას რატო ცდილობ?_სინანული ვიგრძენი მის ხმაში._არასდროს გაგჩენია სურვილი საწოლის გარეთაც გაგეცნო ვინმე?
დავიბენი. მართლაც რომ ასე იყო. დამნაშავის იერით შევყურებდი როგორ გადიოდა ზღვიდან და როგორ მშორდებოდა. აწყობილი საქმე გავიფუჭე, დავაფრთხე. მართლაც და რა ჯანდაბა დამეტაკა? ერთი დღის გაცნობილ გოგოს პირდაპირ ტუჩებში რატო ვეძგერე? მაგრამ, იმ მომენტში კოცნის გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდი. მისი ლამაზი ხალი ტუჩის სიახლოვეს ძალიან მიზიდავდა. მართლა არ მიტრიალებდა ბინძური ფიქრები და ზრახვები ამ ჩემს უტვინო თავში. ისეთი საყვარელი იყო, კოცნისგან თავი ვერ შევიკავე. როგორც ჩანს, თვითონ კარგად მიცნოდა, მაგრამ მე რომ ვერ ვცნობდი? გადავწყვიტე, ჩავიდოდი თუ არა თბილისში, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მოვძებნიდი. ანჩოსთან სულ მუხლის ჩოქებზე დგომაც რომ დამჭირვებოდა, დავდგებოდი, ოღონდაც მეპოვა...
სანაპიროდან მალე რომ დავბრუნდი, თანაც სველი, ინდირამ ისე შეიცხადა, თითქოს მკვდარი ედო წინ.
_ვაიმე, რა მოხდა?
_ისეთი არაფერი. გაემზადე, მივდივართ.
_რატო?_გაუკვირდა._აკი დილით უნდა წავსულიყავით?
_ამაღამ წავალთ თუ დილაზე, შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?_წყრომით შევხედე.
_გზაში არ ჩაგეძინოს...
_დამშვიდდი, არ ჩამეძინება._სველი ტანსაცმელი ერთი ხელის მოსმით გავიძრე და მშრალი გადავიცვი.
ინდირა აშკარად უკმაყოფილო სახით ალაგებდა თავის ჩემოდნებს, თუმცა შედავებას და პროტესტის გამოთქმას მაინც ვერ მიბედავდა. უკვე კარგად ბნელოდა, მანქანაში რომ ჩავსხედით და თბილისისკენ გამოვეშურეთ. ბათუმიდან რომ გამოვედით, შედარებით თავისუფალი იყო ტრასა და რაც შემეძლო სწრაფად მოვდიოდი. თითქოს ციაკოს საყვედურს გამოვურბოდი ასე. ინდირა ხმას არ იღებდა. არ ვიცი, ეშინოდა თუ სწყინდა ასე მოულოდნელად და ყველაფრის ახსნის გარეშე რომ მოვდიოდით უკან. ჩუმად ვმგზავრობდით, მაგრამ ციაკოს სიტყვები არ მანებებდა თავს, ყველა ქალის საწოლში შეტყუებას რატო ცდილობ, საწოლის გარეთაც გაიცანიო. ჩემს თავზე ვბრაზობდი, მართლა და მართლა რა გავხდი ამისთანა, რომ სექსის გარეშე არ შემეძლო ცხოვრება? ყველა ქალს მხოლოდ საწოლში რატო ვხედავდი ჩემს გვერდით? მაგრამ... ციაკო სხვა იყო. იქნებ, დაღვინების პროცესი დამდგომოდა მეც, როგორც ამას ბაბუაჩემი მიწინასწარმეტყველებდა? ციაკო მართლაც ვერანაირად ვერ წარმოვიდგინე შიშველი ჩემს ფიქრებში. მაგრამ თავი მაინც რომ ვერ შევიკავე და ერთი დღის გაცნობილ გოგოს ვაკოცე, ამაზე ვბრაზობდი. თუმცა, ერთი დღე ჩემთვის იყო, თორემ ციაკო ძალიან კარგად მიცნობდა როგორც შევატყე. ჩემს გვერდით ჩრდილში ტრიალებდა და მაკვირდებოდა. დავიჯერო, ნახევრად შიშველი რომ ვნახე მიტომ მივაქციე ყურადღება და ტანსაცმლიანს ვერც კი ვამჩნევ?
ბენზინგასამართ სადგურზე რომ შევჩერდით და იქიდან გამოვედით, მაშინ კი გაბედა ინდირამ და მომეხუტა. რატომღაც არ მესიამოვნა. მერე კი მუხლზე დამადო ხელი და ნელ-ნელა დამიწყო მოფერება. ზემოთ და ზემოთ რომ აასრიალა ხელი, მაშინ კი ამიჩუხჩუხდა სისხლი ძარღვებში. გზის სავალი ნაწილიდან გადავედი, რომელიღაც ჩიხში შევაყენე მანქანა და ძრავა ჩავაქრე. ინდირას სავარძელი მოხერხებულად გადავწიე და დამშეულივით ვეძგერე. თვალისდახამხამებაში მოხდა ყველაფერი. მივხვდი, უკმაყოფილო დავტოვე, მაგრამ დიდად არ განმიცდია ეს ამბავი. ჩემი სურვილი დავიკმაყოფილე და ისევ გზას დავადექით. სიბრაზის გრძნობა ისევ ამეკვიატა და აღარ მშორდებოდა. დილის ოთხი საათი იყო ჩემს ბინაში რომ შევაბიჯე. ჩემოდანი შემოსასვლელში დავტოვე, გასაღებებიც იქვე მივყარე, ტელეფონი დაუდევრად მოვისროლე და ტანსაცმლიანი წავპირქვავდი საწოლზე. დაძინება გამიჭირდა. სულ ციაკოს თვალებზე და ღიმილზე ვფიქრობდი. ტუჩის სიახლოვეს ხალი ხომ თავგზას მირევდა. მისი საყვედურიც ნათლად ჩამესმოდა ყურებში და ეს უფრო მაცოფებდა. ფანჯარაში რიჟრაჟს რომ მოვკარი თვალი, მას მერე ჩამეძინა. მკვდარივით მეძინა. რომ გავიღვიძე, ოფლში ვცურავდი. ორის ნახევარი იყო უკვე. შხაპი მივიღე. მაცივარში შევიჭყიტე, ისეთი არაფერი მქონდა, რომ ამომევსო მუცელი და ჩვენებთან გადავწყვიტე შევლა.
დედაჩემი სახლში იყო და როგორც თვითონ ამბობდა, ლუკა სისხლს უშრობდა უკვე. დაუკითხავად ავარახრახე ჯამ-ჭურჭელი, მაცივარშიც შევძვერი, სუფრა გავიწყე და მადიანად ვისადილე. მუცელი რომ ამოვიყორე, ყავის დალევის სურვილიც გამიჩნდა, მაგრამ დედაჩემმა, ვერ მოგიდუღებ, ეს გიჟი არ მაცდისო. მხოლოდ ახლა მოვინაკლისე ცისია.
_ის ჯოჯოხეთის მაშხალა სად გყავთ, ისიც გაიქცა სამსახურიდან?_გამეცინა.
_ხვალ მოვა, დღეს დათხოვილია._"დამამშვიდა" დედაჩემმა._თუ ყავას დაადგავ, ჩემთვისაც დადგი.
_მოდი მე მივხედავ მაგ ბავშვს და შენი სასწაული ხელებით მოამზადე გემრიელი ყავა._წავუაფერისტე, რადგან მეზარებოდა, უფრო სწორად, მეთაკილებოდა ყავის მოდუღება. აჭყიპინებულ ლუკას მკლავში მოვჭიდე ხელი და ჰაერში შემოვატრიალე._თუ არ დაჯდები და არ მოისვენებ ახლა, ფანჯრიდან გისვრი იცოდე.
წამიერად შიში გაკრთა მის თვალებში. მერე ენა გამომიყო და მაგიდის ქვეშ შეძვრა. გავბრაზდი. ფეხში ვწვდი და გამოვათრიე.
_შენ რა ზედმეტები მოგდის ბიჭო!_მკაცრად დავუბრიალე თვალები._დედაილა, ჩემი ნერვების მოშლას ადვილად ახერხებ არა? გითხარი, მოისვენე, თორემ ფანჯრიდან გისვრი._სავარძელში კი არ ჩავსვი, ჩავახეთქე და მეც მის წინ ჩამოვჯექი. გაბუტული და გაბუსხული შემომყურებდა ლუკა ანჩოს თვალებით.
დედაჩემმა ყავა და ტკბილეული რომ შემოიტანა, მაშინვე დავწვდი ფინჯანს და ცხელ-ცხელი მოვხვრიპე სიამოვნებით.
_არ ვიცი სად აქვს ამ ბავშვს ამდენი ენერგია, დამღალა უკვე._საცოდავად მისავათებული მიესვენა დივანზე._საწყალი ცისია, მგონი როგორ აგიჟებს და აცეტებს...
_ფულს ხომ ამ ბავშვის აღზრდაში და მოვლაში იღებს და საწყალი რაღატოა?_გამიკვირდა.
_ბევრი ბევრი ნახევარი საათით ნახულობ ამ ბავშვს და ის ვერ აგიტანია, ის საცოდავი გოგო კიდევ დილიდან დაღამებამდე ამას უძლებს._თანაგრძნობა გამოთქვა მის მიმართ.
მე მაინც იმ აზრზე ვიყავი, რომ ფულს ხომ იღებდა და ცოდო რაღატო იყო? ყავა გემრიელად მივირთვი. შოკოლადებიც ჩავიყარე პირში. დედაჩემს ჯიბის ფულიც წავუმათხოვრე, რომელმაც ცოტა უკმაყოფილო სახით, მაგრამ მაინც დამაფინანსა და სანდროს სანახავად წავედი, ორი დღის წინ ცუდად რომ იყო და არაფრის თავი აღარ ქონდა.
_რა გჭირს შეჩემა?_კარი გამიღო თუ არა, მაშინვე ის ვკითხე, რადგან მოჟამული სახე ქონდა.
_მგონი კუჭი მიტრაკებს ამდენი დალევისგან.
_და გადაწყვიტე გამოსწორდე?_ირონია გავურიე ხმაში.
_მინდა არ მინდა, გამოსწორება მიწევს. ისეთი დედამოტ....ი ტკივილი სცოდნია, წუხელ სულ კედლებზე მატარა ლამის.
_მართლა?_ცოტა შემაფიქრიანა მისმა ნათქვამმა._მერე და შეჩემა, მიდი ექიმთან, რა თავს იკლავ?
_რომ გითხრა, პატარა ბავშვივით მეშინია თეთრხალათიანების მეთქი, დამიჯერებ?
გამეცინა, იმიტომ რომ მეც მასე სასწაულად მეშინოდა ექიმების.
ცოტა ხანს კიდევ დავრჩი სანდროსთან. მისი ბრძნული რჩევები მოვისმინე დალევასთან და ქალებთან დაკავშირებით, ორივე საფრთხეს რომ უქმნის თურმე ჩვენს ჯანმრთელობას და ღიმილით დავტოვე მისი ბინა. იქიდან სახელოსნოში გამოვიარე, ანჩოს მანქანის გაკეთება დაეწყოთ უკვე. საბარგული ისე ოსტატურად ქონდათ ჩაჭრილი და გამოკერებული, რომ შეიღებებოდა, საერთოდ არაფერიც არ შეეტყობოდა.
_გაშპაკვლას და გაშკურკვას მალე მოვრჩებით და ხვალ თუ ქარი არ იყო, შევღებავთ._დამაიმედა თაზომ და შპაკლიანი ხელები ტილოზე შეიწმინდა.
_ჯიგარი ხარ ბრატ._მეგობრულად მოვუთათუნე მხარზე ხელი._მზად რომ იქნება, შემეხმიანე. თან, დაიანგარიშე ყველაფერი რა დაჯდება რომ თანხა გადმოგირიცხო. აბა ჰე, წავედი და შენ იცი.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев