10.
გაცოფებული დავხეტიალობდი თბილისის ქუჩებში უაზროდ. ისევ და ისევ დათოზე ვბრაზობდი. როგორ გაბედა და როგორ ჩაიწვინა მეგობრის ცოლი ლოგინში? სულ დამეკარგა მასზე წარმოდგენა. ეჭვი გამიჩნდა, ანჩოსთანაც ხომ არ მაიმუნობდა რამეს? მე კი ვენდობოდი, მაგრამ სანდო იყო? თემქაზე ნაქირავები ბინა ქონდა ვიცოდი და ავარიაც ხომ იქ მოუხდა ჩემს დას? გადავწყვიტე თვალი არ მომეშორებინა მათთვის და თუ რამეში გამოვიჭერდი, მერე კი ვაი მათი ბრალი...
ქუჩაში ხეტიალით რომ დავიღალე, მამაჩემის სამშენებლო კომპანიაში გადავწყვიტე მისვლა. იქ რაღაც თანამდებობა მეც მეკავა, ფორმალურად ვიყავი გაფორმებული და ხელფასსაც ვიღებდი, მაგრამ ორ კვირაში ერთხელ ან მივიდოდი და ან არა. რა მევალებოდა ისიც კი არ ვიცოდი. მამაჩემის ხათრით ვერავინ ვერაფერს მეუბნებოდა და ჩემს გასაკეთებელს თვითონ აკეთებდნენ ისევ. არასდროს დავინტერესებულვარ ჩემი სამსახურით. ხელფასის აღების დღე ახლოვდებოდა და მთლად უნამუსოც რომ არ ვყოფილიყავი, უნდა გამოვჩენილიყავი თანამშრომლებთან. ალბათ, ახალგაზრდა და ლამაზი გოგოები რომ არ მუშაობდნენ იქ, იმიტომაც არ ვჩერდებოდი. აბა, ყოფილიყო ვინმე გულმისასვლელი, კეტითაც რომ ეცემათ ჩემი თავი, ვერ გამომაგდებდნენ იქიდან. მანქანა პარკინგზე გავაჩერე და შემინულ შენობაში ღიღინით შევედი. ჩემს კაბინეტში ისე შევედი, არავის შევუნიშნივარ. რბილ ტყავის სავარძელში მოხერხებულად მოვეწყვე და კომპიუტერი ჩავრთე. ისეთი გასართობი საიტები, როგორიცაა ინსტაგრამი და ოდნოკლასნიკები, დაბლოკილი ქონდა მამაჩემს და ფეისბუქზე შევქანდი. ამის დაბლოკვაც კი უნდოდა, მაგრამ ზოგიერთ კლიენტს პირად გვერდზე უკავშირდებოდნენ და ამის გამო ერთადერთი გასართობი დაგვიტოვა თანამშრომლებს. სახალისო ვიდეოკოლაჟების ყურებით შევიქციე თავი. მერე, ორმოც წელს გადაცილებული ქალი შემოვიდა და ხელმოსაწერად რაღაც საბუთები შემოიტანა. კაბინეტში რომ აღმომაჩინა, გაუკვირდა.
_თქვენ აქ ხართ ბატონო ბაჩო?
დამინახა და ეს სულელური კითხვა რაღა საჭირო იყო არ ვიცი.
_თუ შეგიძლიათ, ამ საბუთებზე ხელი რომ მოაწეროთ?
კომპიუტერის მონიტორიდან "საქმიანი" იერი მის ხელში შერჩენილ საქაღალდეებზე გადავიტანე მზერა.
_თქვენ თუ არ გცალიათ, მამათქვენს შევუტან._უხერხულად შეიშმუშნა.
_დააწყე, გადავხედავ._ვთქვი და ისევ კომპიუტერს მივუბრუნდი.
დოდომ საბუთები მოწიწებით დამიწყო მაგიდაზე და ჩემი კაბინეტიდან გავიდა. რატომღაც თვალი რომ არ გავაყოლე ქალს, გამეღიმა. ბოლო დროს რაღაც ცვლილებები ხდებოდა ჩემში. ალბათ ვღვინდებოდი. საბუთების გადაკითხვა-გაცნობაზე დრო არ დამიკარგავს, ისე მოვაწერე სათითაოდ ყველას ხელი. მერე, დერეფანში გამოვედი და საქმიანი იერით გავწიე მამაჩემისკენ. კაბინეტის კარი მოურიდებლად რომ შევაღე და შევედი, ისე გაუკვირდა, თითქოს მოჩვენება ვყოფილიყავი. მერე ირონიული ღიმილი აღებეჭდა სახეზე.
_რას მივაწერო თქვენი გამოჩენა სამსახურში?_სათვალე შეისწორა და თავიდან-ფეხებამდე ინტერესით ამათვალიერ ჩამათვალიერა როგორც ქსეროქსის აპარატმა.
წავუყრუე. რა უნდა მეთქვა, ეს კაცი მართალი იყო. ჩემს ნებაზე დავქროდი და დავჭენაობდი იორღა ცხენივით. თვეში ოთხჯერ არ ვკადრულობდი სამსახურში გამოჩენას. ჩემს გასაკეთებელს სხვები აკეთებდნენ და მე კი ორიათას ლარს უშრომლ-უწვალებლად ვიდებდი ჯიბეში.
_ისე, კარგ დროს გამოჩნდი ხომ იცი, ხუთ წუთში თათბირი გვაქვს. იქნებ დაგვდო პატივი და დაგვესწრო?
ეს იდეა მართლაც რომ არ მომეწონა, მაგრამ მამაჩემის მზერას რომ წავაწყდი, უარის თქმა ვერ გავბედე. ჯანდაბას ის ერთი თათბირი, ავიტან როგორმე. ხო და სათათბირო კაბინეტში რომ წავიდა, მეც უკან მივყევი ძალიან "საქმიანი" იერით. აღმოჩნდა, რომ თანამშრომლების ნახევარზე მეტს სახეზეც კი ვერ ვცნობდი. ვითომ და დიდი ინტერესით ვუსმენდი ახალი იდეების დანერგვას კომპანიაში. მამაჩემმა კარგა ხანს ისაუბრა. მისი ხმა იავნანასავით ჩამესმოდა და რამდენჯერმე წავყვინთე კიდეც. კიდევ კარგი ვერავინ შემნიშნა.
ფაბლაბის განყოფილებაში მომუშავე ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც იქიდან ვიცნობდი, რომ რამდენჯერმე პატარა ბრელოკები დავამზადებინე გოგოებისთვის სუვენირებად, შენობის მოდულები წარმოგვიდგინა და მის მნიშვნელობებზეც ილაპარაკა. ბოლოს, დაღლილ-დაქანცული გამოვედი თათბირიდან. მამაჩემმა, ისე არ გაიპარო მნახეო და უკან მივყევი, უკვე წასვლას ვაპირებ მეთქი. სინანულით კი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვია. თავისი მაგიდის უჯრიდან რაღაც საქაღალდე ამოიღო და გამომიწოდა.
_დედაშენს წაუღე, იქნებ მოიცალოს და საღამომდე გადახედოს.
ძალიანაც არ მინდოდა გზის გამრუდება და სახლში მისვლა, მაგრამ მაინც გამოვართვი საქაღალდე და მაშინვე დავტოვე შენობა.
ბინის კართან წამიერად შევყოვნდი. ზარის დარეკვა მინდოდა, მაგრამ ის დრო იყო უკვე, ცისია ლუკას დააძინებდა ალბათ და მის გაღვიძებას მოვერიდე რატომღაც. ჯიბეში ჩემი გასაღები მოვიძიე და ფრთხილად შევიპარე. უჩვეულო სიჩუმე სუფევდა. დედაჩემი ვერსად ვნახე. "ალბათ სალონშია,_"გავიფიქრე და საქაღალდე მის საძინებელში შევიტანე. იქიდან გამობრუნებულმა ლუკას ოთახს ჩავუარე გვერდით. კარი ნახევრად ღია იყო და ქურდივით შევიჭყიტე. ლუკას ეძინა. მის გვერდით ცისიაც მიწოლილიყო და მასაც მშვიდად ეძინა. წამიერად გავშეშდი, კმაყოფილი ღიმილით მივჩერებოდი საყვარლად მოკუნტულ გოგოს. გვერდულად იწვა. ერთი ხელი თავქვეშ ქონდა ამოდებული, მეორე კი ლუკას წელზე ედო. გრძელი კაბიდან მხოლოდ კოჭს ზემოთ მოუჩანდა გარუჯული ფეხები. ერთი ციცქნა ფეხის გულები ქონდა. როგორც ქალს, რომელიც ვნების ჩასაცხრობად იყო ჩვენთვის შექმნილი, ისე ვერ აღვიქვავდი. მართალია, უშნო იყო, მაგრამ რაღაცნაირად საყვარელი იყო...
მოულოდნელად ტელეფონი რომ ამიმღერდა ჯიბეში, შევკრთი. დავინახე ცისიაც რომ შეიშმუშნა. სასწრაფოდ გამოვტრიალდი იქიდან და სამზარეულოში შევედი. სანდრო იყო, ამ საღამოს მნახეო. ძმაკაცთან რომ მოვრჩი ლაპარაკს და შემოვბრუნდი, ცისიაც შემოვიდა სამზარეულოში. ჩემთვის არც კი შემოუხედია ისე მომესალმა მორცხვად და ლუკასთვის ვახშმის მზადებას შეუდგა. რატომღაც მეწყინა, რომ არ შემომხედა. ჩემს გამო გოგოები ერთმანეთს თავპირს აჭამდნენ და ეს ვინ იყო ვითომ, რომ ზედაც არ მიყურებდა?
_შეგიძლია ყავა მომიდუღო?_ვკითხე კი, მაგრამ პასუხს არ დავლოდებივარ, მაგიდასთან გამომწვევად მოვკალათდი აშკარად ყავის მორთმევის მოლოდინში.
უსიტყვოდ მომიდუღა ყავა და ისე დამიდგა ფინჯანი, კიდევ არ შემოუხედია ჩემთვის.
_დედაჩემი სად არის?_ ვიცოდი კი, რომ სალონში იქნებოდა, მაგრამ მაინც ვკითხე.
_სალონში წავიდა, ცოტა შემაგვიანდება, იქიდან ლეილას უნდა გავუაროვო._ისე მითხრა კიდევ არ შემოუხედია ჩემთვის. უფრო მეტიც, ზურგიც კი შემაქცია და ისე განაგრძო ლუკას ვახშმის მზადება.
_რა გჭირს, რატო არ მიყურებ?_ფეხზე წამოვდექი და მასთან მივედი გაგულისები. ალბათ ნაჩვევი რომ ვიყავი ქალებისგან ყურადღებას, იმიტომაც მაცოფებდა ამ უშნო ძიძის უყურადღებობა.
_თქვენ თვითონ მითხარით, მასეთი თვალებით ნუ მიყურებო. მე კიდევ ასეთი თვალები მაქვს,სხვანაირი ყურება არ შემიძლია და ჯობია საერთოდ არ შემოგხედოთ._ისე მითხრა, კიდევ არ შემოუხედია ჩემთვის.
უარესად გამაბრაზა მისმა სიტყვებმა. მკლავში მოვკიდე ხელი და ჩემსკენ მოვაბრუნე. გაოცებულმა შემომხედა სქელჩარჩოიანი სათვალის მიღმიდან. მისმა შემოხედვამ გული გამიჩერა წამიერად. იყო ამ გოგოში რაღაც, რაც მაგნიტივით მიზიდავდა, თუმცა საკუთარ თავთანაც კი არ მინდოდა გამოტყდომა. ხელი გავუშვი და ისევ ყავას მივუბრუნდი გაგულისებული. უცბად დავლიე და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდი იქიდან. საკუთარ თავზე ვბრაზობდი. ქალები ბურნასავით მესეოდნენ და მე, სულელი კიდე, ამ უშნო ძიძის ღიმილზე და თვალებზე ვფიქრობდი ნელ-ნელა მოსვენებას რომ მიკარგავდნენ უკვე. სანდრო არც კი გამხსენებია, პირდაპირ ინდირასთან მივედი. ლამის ერთი საათი მალოდინა სანამ გამოიპრანჭებოდა და უარესად მომიშხამა ნერვები. როგორც იქნა წავედით რესტორანში. იქიდან კი სასტუმროში და ღამეც ერთად გავატარეთ.
მართალია, მომწონდა ინდირა, მასთან სიახლოვე და ფიზიკური კონტაქტი ყოველთვის მინდოდა, მაგრამ რომ ვუკვირდებოდი ცისიას გამოხედვაზე და ღიმილზე როგორ მიჩერდებოდა გული, ასე არასდროს დამმართნია მასთან, და არა მარტო მასთან. ერთადერთი, ზღვაზე გაცნობილი ციაკოს კოცნამ გამიჩერა გული, მაგრამ რომ ვერსად მივაგენი და ვერ ვიპივე, თითქოს დავიწყებას ეცემოდა მისი მოგონება. უფრო სწორად, რაც ცისიას ღიმილი ვნახე, თითქოს აღარც კი ვფიქრობდი ციაკოზე. მშვენიერი ღიმილი და თვალები ქონდა. აქამდე ქალში მხოლოდ მკერდს და თეძოებს რომ ვაფასებდი და მის იქით აღარ ვიყურებოდი, ცისიას ტანი სულ არ მადარდებდა და არც დავკვირვებულვარ, ერთი სული მქონდა მისი ღიმილი დამენახა ან და მისი მორიდებული მზერა დამეჭირა. ყველაზე მეტად კი ის მახელებდა, რომ თვითონ არაფრად მაგდებდა. საკუთარ თავში ისე იყო დარწმუნებული ეს უშნო გოგო, რომ ვგიჟდებოდი. თითქოს გრძნობდა, რომ ყურებით ვყავდი გამოჭერილი და შეგნებულად მაწამებდა. არა და, აშკარად ვატყობდი, რომ ჩემი სიახლოვე მასაც აბნევდა და აფორიაქებდა, მაგრამ თავს იკავებდა. მისი თავდაჭერილობა მართალია, მაღიზიანებდა, მაგრამ ამავდროულად მომწონდა კიდეც. მოჯადოებულივით ვიყავი: არ მომწონდა მისი ჩაცმის სტილი, მისი ვარცხნილობა, მისი ჩემდამი დამოკიდებულება, მისი სათვალე, კეხიანი ცხვირი და საშინელი მეჭეჭი, მაგრამ ამავდროულად მიზიდავდა მისი თვალები, მისი ღიმილი, მისი სურნელი, მისი მზრუნველობა ყველას მიმართ, მისი მორიდებულობა და მისი თავდაჭერილობა. მოკლეთ, ეს გოგო მაგიჟებდა და ჭკუიდან გადავყავდი უკვე. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი და ეს უარესად მაგიჟებდა.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев