11.
ყველანაირად ვცდილობდი, რომ ჩვენების სახლში აღარ მივსულიყავი. ან, თუ მივიდოდი, დილით მივსულიყავი ადრე, ან გვიან ღამით, რათა ცისია იქ არ დამხვედროდა. რა ჯანდაბა მჭირდა თვითონაც ვერ ვხვდებოდი. მის გამო ინდირასაც კი ვეჩხუბე უმიზეზოდ და დროებითაც დავშორდით. ცოფიან ძაღლს ვგავდი, რომელსაც დაბმა სჭირდებოდა. ამის ფონზე სამსახურში მოვუხშირე სიარულს. მამაჩემი გაკვირვებული კი იყო, მაგრამ შიშით ხმას ვერ იღებდა. დათოსი და ანჩოს ამბავიც კი გადამავიწყდა მანამ, სანამ ჩემი დის საიდუმლო საუბარს არ მოვკარი ყური.
_ხო, ორშაბათს წავიდეთ... აქედან ჩვეულებრივ და იქ კი აღარ დაგვჭირდება თავის მოჩვენება. ის ერთი კვირა მაინც იქნები თავისუფლად...
ყურები ვცქვიტე, თუმცა მაშინვე არ მითქვია არაფერი. ორ დღეში ჩემმა დამ ურეკში გადაწყვიტა ერთი კვირით წასვლა. ბავშვთან ერთად და ძიძის წაყვანაც განიზრახა, მე იქ დასასვენებლად მივდივარ და ლუკას მიმხედი ხომ უნდაო. გამახსენდა, მისი საიდუმლო საუბარი ტელეფონზე და მაშინვე მივხვდი, რომ დათოც ურეკში წავიდოდა. აქედან ცალ-ცალკე წავიდოდნენ და იქ კი დამალვა აღარ დასჭირდებოდათ. სანამ ანჩო ზღვაზე წასასვლელად ემზადებოდა, მე დათოსთან მოვუხშირე სიარულს, იქნებ რამე დასცდენოდა სადმე გამგზავრებაზე, მაგრამ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა, ვერაფრით ვერ გავტეხე და ვერ დავაცდევინე ვერაფერი. იმ დღეს კი, როცა ანჩო, ცისია და ლუკა ზღვაზე გაეშურნენ, მე დათოსთან ვიყავი და გვერდიდან არ მოვშორებივარ. სახელოსნოში ხან რომელი მანქანის ქვეშ გორაობდა და ხან რომელი. თითქოს გამიქარწყლა კიდეც ეჭვები, მაგრამ მეორე დღეს სვანეთში მივდივარო რომ თქვა, მაშინ კი ავტეხე განგაშის ზარები. უკან არ გავყოლილვარ. არ მინდოდა შემთხვევით შევემჩნიე და სიფრთხილის ზომები მიეღოთ. ვადროვე, წავიდა და შუაღამით მეც დავადექი ურეკისკენ გზას. დილაუთენია დავადექი ჩემს დას თავზე. რომელ სასტუმროშიც იყო, ზუსტად იმ სასტუმროში დავბინავდი. მართალია, ნომერი არ ვიცოდი, მაგრამ ეგ არ იყო პრობლემა. ცისიასთან და ლუკასთან ერთად ერთ ნომერში ნამდვილად არ იქნებოდნენ. დათოს მანქანაც რომ არ იდგა სასტუმროს სიახლოვეს, მივხვდი რომ ამ სასტუმროში არ ბრძანდებოდა. ამიტომ ჰოლში სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი ისე, რომ შემოსასვლელს კარგად ვხედავდი. როდის შემობრაცუნდებოდა ვაჟბატონი, იმას დავუწყე ლოდინი. გვარიანად რომ დავიღალე და ფეხზე წამოვდექი, ზურგიდან მოახლოებული ანჩო დავინახე. აშკარად გაკვირვებული და როგორც შევატყე, შეშფოთებული იყო. რომ იტყვიან, ჩემს დანახვაზე ბუდიდან ამოუცვივდა თვალები.
_შენ აქ რას აკეთებ?_ძლივს ამოღერღა.
_რასაც შენ, ვისვენებ._მშვიდად ვუთხარი და მის ყოველ მოძრაობას თუ მიმიკას გულდასმით დავაკვირდი.
მივხვდი, რომ გამოვიჭირე. სხვა შემთხვევაში ასე რატო აღელდებოდა?
_უი, ტელეფონი დამრჩა ნომერში._ასვლა განიზრახა, მაგრამ არ გავუშვი.
_დარეკვა გინდა, დაგარეკინებ._ჩემი გავუწოდე.
_არა._მღელვარედ ააფახულა თვალები._არავინ დამირეკოს.
ხელი მოვკიდე და ჩემს წინ სავარძელში ჩავსვი, თან დაჟინებით მივაშტერდი.
_ამ დილაადრიანად ვინ უნდა დაგირეკოს?
აღელდა და აფორიაქდა. გულში მეამა. მე ისევ შემოსასვლელს ვდარაჯობდი, თვითონ კი ზურგით იჯდა. აშკარად ღელავდა. სიმართლე ვთქვა, მიხაროდა სწორ კვალს რომ ვადექი. ისე ღელავდა, აშკარად ემჩნეოდა უკვე. მე ხან შემოსასვლელს ვაკვირდებოდი, ხანაც ანჩოს. მოულოდნელად დავინახე გაფართოებული თვალებით ჩემს ზურგს უკან რომ იყურებოდა. წამიერად ვერ მივხვდი რა მოუვიდა, მაგრამ როცა მივხვდი, ვიღაცას თვალებით ელაპარაკებოდა, მოულოდნელად წამოვდექი და შევბრუნდი. ვერავინ დავინახე. მხოლოდ კიბეზე ამავალ შიშველ ფეხებს მოვკარი თვალი, სავარაუდოდ ბავშვისას.
ანჩოც წამოდგა, ხელკავი გამომდო და სამზარეულოსკენ გამიყვანა.
_სადილი უნდა შემეკვეთა და შენს დანახვაზე სულ გადამავიწყდა. წამო, შევუკვეთოთ და ერთად ვისადილოთ.
დამყოლი ბავშვივით გავყევი. თან, გულში მიხაროდა, რომ დათოს სწორ მისამართზე მოვაგენი და წინ და წინ ვილესავდი კბილებს. ისე მივამჟავებდი, ქალისკენ გახედვის სურვილი აღარ ექნებოდა. სამზარეულოში კი გავყევი, მაგრამ ისე დავდექი, რომ გასასვლელისკენ ვიყურებოდი, რათა კაზანოვა არ გამპარვოდა.
ანჩო მღელვარებისგან ძლივს უკვეთავდა სადილს სამ კაცზე და პლიუს ბავშვზე.
ისევ ჰოლში დავბრუნდით. მე ადგილი შევიცვალე და ახლა შემოსასვლელისკენ დავჯექი ზურგით, რათა კიბეზე ჩამომავალი დათო არ გამომპარვოდა. ანჩო აშკარად ნერვიულობდა და წრიალებდა ერთ ადგილზე.
_თუ კი წამოსვლას აპირებდი, ჩვენთან ერთად ვერ წამოხვედი? ამხელა მანძილზე გამიჭირდა მართვა.
_რომ გეუბნები, ძალათ მძღოლი ხარ მეთქი, რატო არ გჯერა? ექსცესების გარეშე რომ ჩამოაღწიე აქამდე, ეგეც მიკვირს.
_მე კიდევ ის მიკვირს, ასე ჯაშუშივით რომ დამყვები. ვინმეს ეძებ?_ჯიქურ შემომხედა. ვითომ ძალიან მშვიდად იყო, მაგრამ ჩემს თვალს არ გამოჰპარვია მისი მღელვარება.
_რამეს აკეთებ ისეთსას, ჯაშუშივით დევნა რომ გჭირდებოდეს?_მეც არანაკლებ ჯიქურ შევხედე._თუმცა, შენს გადაფითრებულ სახეს რომ ვუყურებ, ვრწმუნდები, ასეც იქნება.
_მეცოდები ასე ეჭვებით დაავადებული რომ ხარ._ისევ ფეხზე წამოდგა და ნომერში ასვლა დააპირა.
_მე ყველაფერი ვიცი._წამოვდექი და წინ დავუდექი, ნომერში ასვლა არ ვაცადე.
_რა იცი?_მღელვარებისგან ნერწყვი ძლივს გადაყლაპა.
_თავს ნუ ისულელებ. მოვკლავ იცოდე!_ვიყვირე და მეორე სართულზე ასვლა დავაპირე.
_ვის მოკლავ?_წამოხტა და წინ გადამეღობა._რის გამო მოკლავ, სრულ ჭკუაზე ხარ შენ?
_ვის და დათოს!_ხელი გავაშვებინე და კიბეზე გიჟივით ავვარდი.
_ვინ დათო? შენ ხომ არ გაგიჟებულხარ?_წამომეწია და წინ გადამეღობა აშკარად გაოცებული იყო.
_ვინ დათო და ის ნაგავი, ჩემს ძმაკაცად რომ მოაქვს თავი და ჩემს დასთან კი კოტრიალობს.
გამეტებით მომხვდა სახეში გაშლილი ხელის გული.
_ვერ ხარ შენ შენს მატორზე?_ავად დამიბრიალა თვალები._მართლა გაგიჟებულხარ და ეგ არის.
უარესად გავგიჟდი მის გაწნულ სილაზე. ხელი ვკარი და მეორე სართულის დერეფანში გიჟივით შევვარდი.
_სად მალავ იმ ნაგავს მითხარი, თორემ შენც ახლავე აგიგებ წერას...
_გიჟი ხარ!.. გრცხვენოდეს, რა სცენებს აწყობ?_აკივლდა ანჩო._უფიქრდები რა სისულელეებს როშავ?
ხმაურზე ლუქსის კარი გაიღო და შეშფოთებულმა ცისიამ გამოყო თავი.
_შენ ხელს უწყობ არა?_ახლა მას მივვარდი.
ანჩომ ხელი მკრა და ნომერში ისე შემაგდო, თავი ვეღარ შევიკავე და ცისიას შევასკდი. საწყალი გოგო შებარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო, ისევ მე შევაშველე ხელი.
_რა ხდება?_გაოცებულიც და შეშინებულიც იყო ცისია.
_ჩემი ძმა გაგიჟდა, გონია საყვარელი მყავს და აქ ვმალავ.
ცისიას წამიერად გაუკრთა ოდნავშესამჩნევი ღიმილი.
_ის შენი დათო თუ ისეთი ნაგავია, არ იცის რომელ ქალთან დაწვეს, მე მასეთი არ ვარ! შენი აზროვნება გულს მირევს უკვე. ან არა და, თუ დათოსთან დაწოლა მომინდება, უნდა დავმალო და საიდუმლოდ შევინახო?...
_თემქაზე რა გინდოდა ავარიის დღეს თუ დათოს არ ხვდები?_უკვე ისე ვიყავი გაგიჟებული, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი და მგონი ბოლო ხმაზე ვღრიალებდი დაჭრილი დათვივით.
_ლუკას ჯერ ისევ სძინავს._მორიდებით შემომბედა ცისიამ._ბავშვი ცოდოა, ნუ შეაშინებთ.
ისეთი თვალებით მიმზერდა, წამიერად დავიბენი. იყო ამ გოგოში რაღაც ნაცნობი და ამავდროულად უცნობი. ჩემს დაჟინებულ მზერაზე დაიბნა და ბავშვის ოთახში შევიდა.
_უფიქრდები რას მაბრალებ?_შედარებით დაბალი ხმით მკითხა ანჩომ.
ნერვიულად გავუკიდე სიგარეტს და დივანზე მივესვენე. მაინც ადრე მომივიდა თავის გამჟღავნება. ერთად უნდა მენახა, რომ ერთიმეორეზე დამეკლა ორივე.
_ლუკას გეფიცები, დათოსთან მართლა არაფერი მაქვს._გვერდით მომიჯდა ანჩოც._ეგ შენი პრობლემაა დამიჯერებ თუ არა, მაგრამ სიმართლეს გეუბნები. დათოსნაირი ბიჭები მართლა არ მომწონს, ჯერ ერთი და მეორეც, ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით და ძმასავით ვუყურებ. რაც შეეხებაა თემქას კი, გლდანის ციხეზე ვიყავი და იქ გავიარე.
_რაა?_ყურებს არ დავუჯერე._ციხეზე რა გინდოდა?
_კობა ზის და ის მოვინახულე._დამნაშავის იერით ამომხედა თავდახრილმა.
კობა ჩემი დის ყოფილი ქმარი იყო.
_კობას სანახავად იყავი?_ამას მართლა არ ველოდი და კვამლი გადამცდა. ისეთი ხველა ამიტყდა, ლამის სული განვუტევე.
_რა გჭირს?_შეშფითებულმა ანჩომ "სნო" მომირბენინა ბოთლით.
_შერიგებას აპირებ?_სული რომ მოვითქვი გაოცებულმა ვკითხე.
_არვიცი... ერთი ხმა მეუბნება, რომ შევრიგდე, მეორე უარზეა. ვერ გადამიწყვეტია. რაღაც გაუგებრობისთვის ზის ციხეში ექვსი თვით. ერთ თვეში გამოვა. მართლა არ ვიცი რა ვქნა._გულიანად ამოიოხრა._ბავშვს დედაც უნდა და მამაც. ცუდი მამა მართლა არ ყოფილა, მაგრამ... რომ მახსენდება მისი ღალატი, ეგ მაცოფებს...
ისეთი ამბავი გამანდო ჩემმა დამ, ხმას ვეღარ ვიღებდი. სულ გადამავიწყდა დათოც და მასზე წაყენებული ცრუ ბრალდებაც, როგორც ამას ანჩო მეუბნებოდა. კობა, სიმართლე ვთქვა, ცუდი სიძე არ ყოფილა, მაგრამ... მე ვერ ჩავერეოდი ჩემი დის გადაწყვეტილებაში. თუ კი უყვარდა, საყვარელ ადამიანს არ უნდა აპატიო ვითომ წუთიერი სისუსტე? ცხოვრებაში ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და პატიება ხომ ყველას გვჭირდება?
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев