13.
საღამომდე დავეხეტებოდი სანაპიროზე. მინდოდა თავიდან ამომეგდო ცისია, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. რაც უფრო მეტს ვუკრძალავდი თავს მასზე არ მეფიქრა, უფრო არ გამომდიოდა არაფერი და მისი ღიმილი მედგა რატომღაც თვალწინ. სხვა ქალებისგან განსხვავებით მისი მკერდის ზომით არ დავინტერესებულვარ. ჩემს წინ როცა იდგა, სახეში ვუყურებდი, რომ მისი ღიმილი არ გამომრჩენოდა. დღეს მოკლე შორტებშიც კი დავინახე, მაგრამ როგორი ფეხები ქონდა არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება. ერთადერთი, რაც შევნიშნე ის იყო, რომ მშვენიერი რუჯი ქონდა და ლავიწის ძვლები ქონდა ამომჯდარი. უნდა ვაღიარო, რომ საოცრად უხდებოდა. მისი კეხიანი ცხვირი და საშინელი მეჭეჭიც კი საზიზღრად აღარ მეჩვენებოდა. მეჩვენებოდა კი არა, საერთოდ ვეღარც კი ვამჩნევდი უკვე.
მზე ახალი ჩასული იყო, სასტუმროსკენ რომ გავეშურე. სანაპიროზე შემთხვევით მოვკარი თვალი. მასზე ფიქრს გავურბოდი და ეს კიდევ ჩემს ჯინაზე ყველგან წინ მხვდებოდა. თვითონ ვერ შემნიშნა, ფეხშიშველი დასეირნობდა სილაში. ნელი და ჩუმი ნაბიჯებით მივყვებოდი უკან. არ მინდოდა შევემჩნიე, რადგან ვატყობდი რომ ჩემს სიახლოვეს რაღაც დაძაბული და სხვანაირი იყო. ახლა კი ისეთი ლაღი და საყვარელი იყო, ჩაყლაპვა მინდოდა. ხან ზღვას უმზერდა, ხან ზღვაში ჩამალულ მზეს... მოკლეთ, ბედნიერი იყო. მე კი მისი ხილვით ვიყავი ბედნიერი. მოულოდნელად ფეხი რაღაცას დააბიჯა და შეჩერდა. მივხვდი, რომ ძალიან ეტკინა. შეიძლება სასაცილოდაც კი ჟღერდეს, მაგრამ იმ მომენტში ტკივილი თითქოს მეც ვიგრძენი. სილაში ჩაჯდა და ფეხი შეიმოწმა. ალბათ სილაში ჩამალულ მინის ნამსხვრევს დაადგა. შემეცოდა. შორიდან ყურებას ახლოს მისვლა ვარჩიე. რომ მივუახლოვდი, გაოცებით ამომხედა.
_რა დაგემართა?_შეშფოთებულმა ვკითხე და მის წინ ჩავიცუცქე.
_მინაზე გამეჭრა ფეხი._არ ტიროდა, მაგრამ შევატყე, როგორ უკანკალებდა ხმა.
მაშინვე გავიხადე პერანგი, ხელის ერთი გაკვრით გავხიე და ფეხისგული მჭიდროდ შევუკარი, ბევრი სისხლი რომ არ დაეკარგა. მერე, ფრთხილად წამოვაყენე, წელზე მოვხვიე ხელი და კოჭლობით წამოვიყვანე. ისეთი წელი ქონდა, ხელისგულში მოვიმწყვდიე ლამის. რაღაც საოცარი განცდა დამეუფლა მის შეხებაზე. ვნება ნამდვილად არ ყოფილა. რაღაც იყო, თითქოს უფრო ამაღელვებელი და სასწაული. სიარული უჭირდა, ამიტომ მოულოდნელად დავწვდი და ხელში ბუმბულივით მსუბუქად ავიტაცე დაბნეული გოგო.
_ნუ წუხდებით, დამსვით, მე თვითონ წამოვალ._ალბათ ეუხერხულებოდა შიშველ სხეულზე რომ მეკვროდა.
მე კი მსიამოვნებდა. ზუსტად ისეთი შეგრძნება მქონდა, პატარა ბავშვს რომ ჩაიხუტებ და მისი გაშვება აღარ გინდა. მიმყავდა და გული გამალებით მიცემდა. დარცხვენილი და ღაწვებშეფაკლული თვალს ვერ მისწორებდა.
გზად გამვლელებს სამედიცინო დაწესებულება ვკითხე. მიმასწავლეს, ახლო იყო, ასე, ორმოცდაათ მეტრში და ჰაერივით მსუბუქი ცისია ხელში აყვანილი გავაქანე იქით. ასეთი მსუბუქი რომც არ ყოფილიყო, წესით მაინც არ უნდა გამჭირვებოდა მისი ხელით ტარება, აბა ტყუილა ვიკლავდი თავს ტრენაჟორებზე?
ექიმმა ჭრილობა გაუსუფთავა, დაუმუშავა და ხუთი ნაკერიც დაადო. რომ ვუყურებდი როგორ ითმენდა ტკივილს და მხოლოდ შუბლს ჭმუხნიდა სულ ცოტათი, მეცოდებოდა. ექიმს მომსახურების თანხა მე გადავუხადე, კიდევ კარგი მქონდა ჯიბეზე და სასტუმროში წამოვიყვანე. კი მეწინააღმდეგებოდა მორიდებით, დამსვით, მე თვითონ წამოვალო, მაგრამ ექიმმა ფეხზე დგომა აუკრძალა, ნაკერები არ გაგეხსნასო და მისი თხოვნა არ ჭრიდა ჩემზე. ნომრის კარზე რომ მივუკაკუნე და ჩემმა დამ გააღო, გაოცებისგან თვალები შუბლზე აუცვივდა. წელს ზემოთ შიშველს ხელში მეჭირა მისი შვილის ძიძა და კარგს რომ არაფერს გაიფიქრებდა, აშკარა იყო. ნომერში რომ შევიყვანე და საწოლზე ფრთხილად დავაწვინე, ანჩოს მაინც არ მოუთმინა გულმა და მისაყვედურა.
_რა ტარზანივით შიშველი დატანტალებ?
_ჩემი პერანგის დახევა მომიწია, რათა ფეხი შემეხვივნა მისთვის სანამ ექიმთან მივიყვანდი.
_რა მოგივიდა?_გაოცებული ახლა ცისიას მიუბრუნდა ანჩო.
_მინაზე გამეჭრა და ნაკერები დამადეს. არაფერია, მალე გამივლის._გაღიმებაც კი სცადა.
დიდხანს არ გავჩერებულვარ იქ. ჩემს ნომერში რომ შევედი და საწოლზე გადავიშხლართე, თითოეული წვრილმანის გახსება-აღდგენას შევეცადე. მართლაც რომ მაგიჟებდა ეს გოგო. მისი სურნელი ხომ ნარკოტიკივით მაბრუებდა და მასზე დამოკიდებულიც კი ვიყავი უკვე. ჩემს ხელებს ისევ ასდიოდა მისი მოტკბო სურნელი და ხარბად ვიყნოსავდი. რომ მახსენდებოდა, როგორ მორიდებით და მორცხვად მეხებოდა შიშველ სხეულზე, რაღაც სინაზით მავსებდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყოს და გაფრთხილება სჭირდებოდა, რომ არ დამსხვრეულიყო. ხელში მეკავა და ოდნავადაც არ გამჩენია იმის სურვილი, რომ ვნევამორეულს დამეპყრო.
დღეს, ნომერში ქალთან ერთად რომ მნახა თითქმის შიშველი, ახლა გამებრაზა საკუთარ თავზე. იმის დამტკიცებას ვცდილობ მის თვალწინ რატომღაც, რომ ბევრი ქალი მყავს და მაგარი კაცი ვარ, მაგრამ ამ წუთში საკუთარი თავის ცემა მინდოდა. თან მინდოდა რომ მასზე არ მეფიქრა და საკუთარ თავს ათას სისულელეს ვაკეთებინებდი მის დასავიწყებლად და თან მასზე ფიქრი მინდოდა და ყველგან მას დავეძებდი. მოკლეთ, გვარიანად მქონდა დარხეული...
ცისიას ფეხის გამო, ორი დღით ადრე მოგვიწია თბილისში დაბრუნება. ის დღეები, სანამ ფეხი არ მოურჩებოდა, ანჩომ დაითხოვა სმსახურიდან. თუმცა, ხშირად აკითხავდა და მის მდგომარეობას კითხულობდა. როგორ გავძელი ის დღეები მისი ნახვის გარეშე, მართლა არ ვიცი. არც ინდირასთან წავსულვარ და არც ოქსანასთან მიძებნია ნუგეში. ეგ კი არა და ქუჩაში გამვლელებს რომ ვათვალიერებდი დიდი ინტერესით, ეს სულელური ჩვევაც კი მოვიშორე თავიდან. ერთი სული მქონდა როდის მოურჩებოდა ფეხი და გამოვიდოდა სამსახურში, რომ მეც მაშინვე ჩვენებთან დავრჭმულიყავი ვითომ საქმეზე, მაგრამ ცისიას სანახავად. ამ მცირე დროში შეძლო და ისე შემცვალა ამ უშნო ძიძამ, რომ საკუთარ თავს მართლა ვეღარ ვცნობდი.
სამსახურში გამოსვლამდე, სანამ ფეხი სრულად მოურჩებოდა, ანჩომ დამირეკა, მე არ მცალია და ცისია ექიმთან შენ რომ გაიყვანო ნაკერების ასახსნელად, გცალიაო. სიხარულისგან თუ ხტუნაობას არ დავიწყებდი პატარა ბავშვივით, არ მეგონა. თუმცა ჩემს დას გზები დავუპრანჭე.
_რავი, ვნახოთ, თუ მოვიცალე გაგაგებინებ._ეს კი ვუთხარი, მაგრამ ღმერთს ვევედრებოდი, რომ მეორედაც ეთხოვა.
_შენ ხომ არავის არაფერში გამოადგები რაა._უკმაყოფილომ მისაყვედურა.
შემეშინდა, სხვა მძღოლი არ ენახა და ამიტომ მალევე დავთანხმდი.
_კარგი ხო, წავიყვან.
ასე საგულდაგულოდ მანქანა არ ამომისუფთავებია და გამირეცხია. მეც კარგა ხანს დავყავი აბაზანაში. წვერიც სუფთად მოვიპარსე. სარკის წინ სამი ხელი ტანსაცმელი მაინც გამოვიცვალე. ჩემს პრანჭია დასავით ერთი საათი ვიტრიალე და ვათვალიერე ჩემი ორეული. მერე მანქანაში ჩავჯექი და მისი ბინისკენ მღელვარედ გავწიე. გზაში ათასი შესაძლო ვარიანტი წარმოვიდგინე თვალწინ როგორ მივესალმებოდი და როგორ გამოველაპარაკებოდი ჯერ ჯანმრთელობაზე, მერე ამინდზე, მერე ათას სისულელეზე, ოღონდ გამეღიმებინა, მაგრამ მის გაღებულ კართან ოროსანი ბავშვივით დავიბენი.
_მე თვითონაც წავიდოდი, თქვენ რატო წუხდებით?_გაუკვირდა.
_სულაც არ ვწუხდები._მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და თვალი მისი მშვენიერი წარბებისკენ გამექცა, გაფრენილ ორბის ფრთებს რომ გავდა.
_ერთი წუთით შეგიძლიათ დამელოდოთ?_მორიდებით მკითხა და გამიღიმა.
მინდოდა მეთქვა, ერთი წუთი კი არა, მთელი ცხოვრება შემიძლია გელოდო მეთქი, მაგრამ ენა ვერ მოვატრიალე პირში.
ბინაში არ შეუპატიჟივარ, კოჭლობით შებრუნდა და მართლაც ერთ წუთში გამოვიდა. კიბეზე ფრთხილად ჩამოვიდა. მე უკან მოვყვებოდი და ერთი სული მქონდა ისევ ხელში ამეყვანა და ისე ჩამერბენინებინა კიბეზე. ჩემს მანქანას რომ მივუახლოვდით და უკანა კარს წაატანა ხელი, გამეღიმა. ასეც ვიცოდი, რომ წინ არ ჩამიჯდებოდა. სად იყვნენ სხვა გოგოები?
ფრთხილად ჩაჯდა და მოხერხებულად მოკალათდა. კარი მე მივუხურე და მერე საჭეს მივუჯექი. მთელი გზა უხმოდ ვიმგზავრეთ. არ მინდოდა თავი გამეცა, მაგრამ თვალებს ვერ ვუხერხებდი ვერაფერს, უკანა ხედვის სარკეში რომ დაჟინებით ვუმზერდი. წარბების კორექცია თუ ასე შეცვლიდა, მართლა არ მეგონა. სულ სხვა ცისია იყო ჩემს წინ.
საავადმყოფოში რომ შევედით, თითქოს შიში შევატყე, მაგრამ მაინც გაბედულად შევიდა საორდინატოროში. მე არ შევყოლილვარ. ჯერ ერთი, რომ თეთრხალათიანების დანახვა შიშის ზარს მცემს და მეორე, იქნებ უნდა ეტირა და ჩემთან თავს იკავებდა? ის ნახევარი საათი, სანამ დერეფანში ველოდებოდი, მტანჯველი აღმოჩნდა ჩემთვის. სიგარეტს დერეფანში არავინ მომაწევინებდა. გარეთ კი შეგნებულად არ გავდიოდი, არ მინდოდა მარტო დამეტოვებინა.
როგორც იქნა კარი რომ გაიღო და კოჭლობით გამოვიდა, შვებით ამოვისუნთქე. სათვალე არ ეკეთა და მისი თვალების შემონათებამ გული ჯერ გამიჩერა, მერე კი ამიფორიაქა. რაღაც ნაცნობი მზერა ქონდა თითქოს... არ ვიცი, გულში ჩამწვდომად კი მიმზერდა და ოდნავშესამჩნევად მიღიმოდა. მერე, თითქოს შეკრთა და სათვალე მოირგო. გარეთ უხმოდ გამოვედით. სანამ მანქანაში ჩავსხდებოდით, მორიდებით მთხოვა საქართველოს ბანკში მიყვანა.
_რა პრობლემაა, იქით არ უნდა გავიაროთ მაინც?_გამიხარდა, მასთან ყოფნის დრო რომ გამეწელა ისევ.
(გაგრძელება იქნება)
#ელეონორა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев