15.
დათოს ჭრილობების დამუშავება რომ დაიწყეს ექთანმა და მადონამ, მე გარეთ გამომიშვეს. გამოვედი კი, მაგრამ შორს არსად წავსულვარ. დერეფანში დათოს პალატის წინ მოვყევი ნერვიულად ბოლთის ცემას.
საშინლად გაიწელა დრო. აუტანელი მეჩვენა ლოდინი. ბოლოს, მადონა რომ გამოვიდა და იქვე დავხვდი, მომეჩვენა რომ არ გაჰკვირვებია.
_არც ამ საღამოს გცალია?_ისეთი საცოდავი ხმით ვკითხე, საკუთარი თავი თვითონვე შემეცოდა.
_შეიძლება მცალია, მერე შენ რა? სახლში ქმარი მელოდება.
ცოტა დამაბნია პასუხმა.
_სიმართლე გითხრა, ბათუმში ზღვაზე შენთან ერთად გოგო რომ იყო, იმას ვეძებ.
_ბათუმში? რისთვის?_გაკვირვებულმა შემომხედა.
_როგორ თუ რისთვის?_მე საჩემოდ გამიკვირდა._მომეწონა და გაცნობა მინდა.
_იმ გოგოს რომ საქმრო ყავს და მალე გათხოვდება იცი?
_საქმრო ყავს?_გულში მწარე ტკივილმა გამკრა და თითქოს წავბარბაცდი.
_ხო, რატო გაგიკვირდა?
კი არ გამიკვირდა, მეწყინა, თანაც ძალიან.
_ვინ არის და სად ცხოვრობს?_წყალწაღებული ხავსს ჩავეჭიდე მაინც.
ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე მართლა არ ავურევდი ცხოვრებას თუ საქმრო ყავდა და გათხოვებას აპირებდა, მაგრამ მართლა მაინტერესებდა ვინ იყო. თვითონ აშკარად მიცნობდა და საიდან, ეს მინდოდა გამეგო.
_ჩემი მულია და ჩემთან ერთად ცხოვრობს. შეკითხვები კიდევ გაქვს?_ცოტა სიმკაცრე და სიცივე გაურია მადონამ ხმაში.
_არა, მადლობა._ნირწამხდარმა ვუთხარი და საავადმყოფო მაშინვე დავტოვე.
არა და აქამდე აღარც კი მეფიქრებოდა მასზე და ახლა მადონა რომ დავინახე, რატომღაც იმედი მომეცა ისევ მისი ნახვისა. მაგრამ... საქმრო ყავსო? რატო საქმროსთან ერთად არ იყო ზღვაზე? საქმრო რომ ყოლოდა ვითომ, მზის ჩასვლას ჩემთან ერთად ნახავდა? მე რომ საცოლე მყავდეს, მარტოს გავუშვებ ზღვაზე? იმიტომ კი არა, რომ არ ვენდობი, უბრალოდ მასე მიმაჩნია სწორად, რომ ახლად შეუღლებულები ან შეყვარებულები ერთად უნდა ატარებდნენ დროის უმეტეს ნაწილს. მერე შვილები, ვალდებულებები და ძალიანაც რომ უნდოდეთ ვეღარ გამონახავენ საკუთარი თავისთვის დროს. ქმარს თუ ეცლება, ცოლს არ ეცლება... თუ ორივეს ეცლებათ, ბავშვები არ დააცდიან. მოკლეთ, ოჯახის შექმნამდე თუ გაატარებ დროს და გაერთობი, თორემ მერე თავის მოსაფხანადაც აღარ გეცლება უკვე.
გაგულისებულმა სპორტდარბაზს მივაშურე როგორც ყოველთვის. ახლაც ბოლომდე დავიხარჯე. გამოწურულ ლიმონს ვგავდი უკვე. აღარაფრის ტრაკი აღარ მქონდა იქიდან რომ გამოვედი და პირდაპირ ჩემი ბინისკენ ავიღე გეზი.
********************
ის დღეები, სანამ დათო საავადმყოფოში იწვა, მასთან სიარულს მოვუხშირე. იმედი მქონდა ციაკო ერთხელ მაინც მოაკითხავდა რძალს და შორიდან მაინც დავინახავდი. უკვე აღარ ვიცოდი რა მჭირდა. აქეთ ციაკოს კოცნაზე ვფიქრობდი, მაგრამ არც ცისიას ღიმილი მტოვებდა გულგრილს. გაურკვევლობაში ვიყავი. უშნო ძიძის თვალები მომწონდა, მისი ღიმილი მაჯადოვებდა. სურნელი ხომ ნარკოტიკივით მაბრუებდა და სწორი განსჯის უნარს მაკარგვინებდა. რომ მახსენდებოდა ხელში აყვანილს როგორ დავარბენინებდი ბათუმის ქუჩებში, მეღიმებოდა და სიამოვნებით მიცემდა გული.
ფეხი რომ მოურჩა და სამსახურში დაბრუნდა, შეგნებულად არ მივსულვარ ჩვენებთან, რომ არ მენახა. იმას აშკარად ვხვდებოდი, რომ ჭკუიდან ვიშლებოდი უკვე. ორი ქალის ერთნაირი და ერთდროული სიყვარული მაფიქრებდა რატომღაც. თუმცა, მაინც მომიწია დედაჩემთან მისვლა. ხელფასი რომ ავიღე, ბეჭედი დავიხსენი ლომბარდიდან და მის მისატანად მივედი. გვიანი იყო. მეგონა ცისია წასული იქნებოდა უკვე, მაგრამ ზარი რომ დავრეკე და კარი მან გამიღო, დავიბენი. ერთხანს ხმა ვეღარ ამოვიღე. იმან უარესად დამაბნია, რომ წარბები ისევ ისეთი სქელი და ერთმანეთზე გადაბმული ქონდა...
_საღამომშვიდობის. როგორ ხარ?_ნაძალადევად გავუღიმე რომ ჩემი დაბნეულობა არ შეემჩნია და ბინაში შევედი._დედაჩემი სახლშია?
_არა, მამათქვენთან ერთად კინოში წავიდა._მითხრა, კარი მიხურა და უკან მომყვა.
სამზარეულოში შევედი, სადაც ლუკა მაგიდას მისჯდომოდა და სავარაუდოდ ძიძა ავახშმებდა.
_ბებერი შეყვარებულები დროს არ კარგავენ უქმად._მშობლებზე გამეღიმა.
_სიყვარულმა არც დრო იცის და არც ასაკი._თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ცისიამ, მაგრამ მე მაინც გავიგონე.
გამეღიმა. გამოცდილი ექსპერტივით ლაპარაკობდა. დროისა და ასაკისა რა ვთქვა, მაგრამ ფიზიკურობას რომ არ სცნობდა ეს მას შემდეგ მივხვდი, რაც ნელ-ნელა ცისია ჩამივარდა გულში.
_ბაჩო ბიძია!_გახარებული ბავშვი სკამიდან ჩამოსვლას შეეცადა, მაგრამ გადმოუყირავდა და გადმოვარდა.
ინსტიქტურად მე და ცისია ერთად მივვარდით ლუკას მისაშველებლად, რომელიც არც კი ტიროდა. დახრისას ერთმანეთს შუბლებით რომ შევეჯახეთ, შემრცხვა. ცისიამ დამასწრო მაინც და ლუკა მან აიყვანა ხელში.
_შენ რა მაგარი ბიჭი ყოფილხარ რომ არაფერი გეტკინა._გაუღიმა ცისიამ და შუბლზე აკოცა.
_მეტკინა, მაგრამ ბიჭები ხომ არ ტირიან? ხო და მეც იმიტომ არ ვიტირე.
გამეცინა. გამახსენდა, აცრაზე რომ მივიყვანე და ცისია როგორ აწყნარებდა.მოკლეთ, ამ გოგოს ყველაფრის უნარი ქონდა. მშიშარა ბავშვს შიში დააძლევინა. ჭირვეული მოათვინიერა და მოარჯულა. მექალთანე კაცი თითქმის გამომასწორა და თავი შემაყვარა. სიყვარული იყო, მაშ რა იყო რასაც მე მის მიმართ ვგრძნობდი? აქამდე თუ ის მეგონა ვაჟკაცობა, რამდენ ქალთან გავატარებდი ღამეს, ახლა იმას ვფიქრობდი, რამდენ ვეტყოდი უარს იმ ერთის გამო.
ერთხანს თვალმოუშორებლად შევყურებდი ღიმილით რომ ეფერებოდა ლუკას. ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო და შემომხედა, ისევ გამიჩერდა გული. მისი სქელჩარჩოიანი სათვალეც კი ვეღარ აუშნოვებდა ჩემს თვალში მის მშვენიერ თვალებს.
_ჩემი და ჯერ არ დაბრუნებულა სამსახურიდან?_უხერხულობის დასაფარავად ვიკითხე.
_როგორ არა. მოვიდა და ისევ წავიდა. ასე თქვა, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარო.
_დააგვიანდება?_ვითომ ძალიან მაინტერესებდა მისი ამბავი.
_როგორც ვიცი, ამაღამ სახლში არ მოვა.
_რაა?_ახლა კი მართლა დამაინტერესა მისმა ამბავმა._მაინც სად წავიდა, არ უთქვია?
_რომელიღაც რაიონში წავიდა სამსახურიდან. ჩამოსვლას ვეღარ ასწრებენ და ამაღამ იქ რჩებიან... რამე გინდოდათ?
_იყოს, ხვალ გამოვუვლი... დედაჩემსაც დააგვიანდება ალბათ და ჯობია წავიდე.
თითქოს წყენა გაკრთა მის თვალებში წასვლა რომ ვახსენე. დედაჩემის საძინებელში შევედი, ოქროს ბეჭედი, რომელიც ლომბარდიდან დავიხსენი, თავის პარკიანად ჩავდე მის ზარდახშაში და ისევ გამოვედი.
_მე უნდა გავიდე და კარი ჩაკეტე._ისე მივაძახე ცისიას, სამზარეულოში აღარ შევსულვარ.
_რამე ხომ არ გადავცე თქვენებს?_კართან მისულს მომწვდა მისი ხმა.
ცოტა შევყოვნდი და შემოსასვლელში გამოვიდა კიდეც, ლუკა ისევ ხელში ეჭირა.
_არა, ისეთი არაფერი, რომ ვერ მოიცადოს. ძილი ნებისა ვაჟკაც._დავიხარე და ლუკას ლოყაზე ვაკოცე. თან ხარბად შევისუნთქე ცისიას მოტკბო ვანილის სურნელი.
_ღამე მშვიდობისა ბაჩო ბიძია._ლუკაც გადმოიხარა და სუფთად გაპარსულ ლოყაზე მაკოცა.
ცისისთვის აღარ შემიხედია ისე გავედი გარეთ და კისრისტეხით დავეშვი კიბეზე. ვხვდებოდი, რომ ასე თავქუდმოგლეჯილი ცისიას და მის მშვენიერ ღიმილს გავურბოდი. ვხვდებოდი, რომ მასაც მოვწონდი, მაგრამ მისი ხანდახან ზერელე დამოკიდებულება ჩემდამი უფრო მაგიჟებდა. ალბათ, დონჟუანის ტიტულით დაჯილდოებულს ჩემი ნდობა უჭირდა. დარწმუნებული ვარ იმას ფიქრობდა, საწოლში შევიტყუებდი, გავერთობოდი და მივატოვებდი. ყველაზე სასწაული კი ის იყო, რომ მის საწოლში შეტყუებაზე საერთოდ არ ვფიქრობდი. ჩემს ღამის ფიქრებში მას მხოლოდ რომანტიკულ შეხვედრებზე ვხედავდი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტი დრო გამეტარებინა მასთან. ერთად გვესეირნა სადმე... ერთად გვევლო დაუსრულებლად... ერთად გვესაუბრა თუნდაც ათას სისულელეზე... მისი გაღიმებული სახე დამენახა ოღონდაც, მეტი არაფერი მინდოდა და... მხოლოდ მეკოცნა მის ლამაზ ტუჩებში, მეტი მართლა არაფერი მინდოდა. არც მის ჩახუტებაზე ვიტყოდი უარს. საწოლში მისი შეტყუება კი არასდროს მიფიქრია. მეშინოდა პაემანზე დამეპატიჟა, რომ უარი არ ეთქვა ჩემთვის. მე ხომ უარს ნაჩვევი არ ვიყავი? ცისია კი სულ სხვა იყო. არაფრის დიდებით არ გადადგავდა იმ ნაბიჯს, რაც შემდეგში სანანებელი გაუხდებოდა. არ დამიჯერებდა, რომ სერიოზულად ვფიქრობდი მასზე და ჩემს გასართობად არ ვაქცევდი. მე ის მართლა მიყვარდა. სიყვარული კი უჩვეულო რამ ყოფილა. დროის უმეტესი ნაწილის საწოლის გარეთ გატარება მსურდა მასთან ერთად. მისი ბედნიერი სახის და მისი ღიმილის დანახვა მსურდა. მისი არსებობა კი ყველაზე დიდი მოტივატორი იყო, რომ უკეთესობისაკენ შევცვლილიყავი.
ერთ პარასკევის საღამოს კი, სანამ სახლში წავიდოდა, ჩვენებთან შევლა გადავწყვიტე. მინდოდა მე გამეყვანა სახლში. არ კი მქონდა იმის იმედი, რომ თბილისში სახელგანთქმულ მექალთანეს ჩამიჯდებოდა მანქანაში, მაგრამ ცდად ღირდა. ლუკას თავისი საყვარელი კანფეტები ვუყიდე და გულისფანცქალით გავწიე. დედაჩემი სახლში იყო და ცისია კი წასასვლელად ემზადებოდა უკვე. ლუკას გაუხარდა ჩემი მიტანილი ძღვენი და კისერზე ჩამომეკიდა აღტაცებული ტიკტიკით. ამ გასულელებულ და გატუტუცებულ ბავშვს რომ არასდროს მოვფერებივარ, ახლა ვეფერებოდი. შევატყე, რომ დედაჩემსაც კი გაუკვირდა ჩემი საქციელი, არა თუ ცისიას. ცოტა ხანს დავრჩი. ვადროვე სანამ ცისია წავიდოდა და უკვე რომ ვივარაუდე კიბეზე ჩავიდოდა, ფეთიანივით გავვარდი გარეთ და კიბეზე კისრისტეხით დავეშვი. სადარბაზოდან გასულ ცისიას რომ მოვკარი თვალი, გულმა გამალებით დამიწყო ძგერა. ცოტა დავანელავე და ისე გავედი მეც სადარბაზოდან. მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი თამამი ნაბიჯის გადადგმა მასთან ურთიერთობაში, ძალიან მინდოდა სახლში მე წამეყვანა.
(გაგრძელება იწნება)
#ელეონორა 💜💜
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев