ცოცხალი ნაყოფი აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, ამახვილებს მხედველობას, აცხრობს რევმატიზმის, პოდაგრისა და სხვა პათოლოგიათა თანმხლებ ანთებით პროცესებს. მისი ნაყენი კარგია ანემიის დროს, აგრეთვე - თირკმელებიდან ქვიშის გამოსატანად. მოცვს გარეგანადაც იყენებენ, კერძოდ, ეგზემის, დამწვრობის, შეუხორცებელი ჭრილობებისა და ძნელად მოსაშუშებელი მუწუკების სამკურნალოდ. ამისთვის მოცვის ნაყოფი ქვასანაყში უნდა დანაყოთ, საცერში გაგლისოთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ და მტკივან უბანზე დაიდოთ. მოცვის ფოთლები უხვად შეიცავს გლიკოზიდებს (განსაკუთრებით - მირთილინისა და ნეომირთილინის, რომლებიც სისხლში შაქრის დონეს ამცირებს), ამიტომ მათი ნახარში დიაბეტის მკურნალობისას წარმატებით გამოიყენება.
ანემიის დროს რეკომენდებულია ნაყოფის ნაყენი: აიღეთ 2 ჩაის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათს, გადაწურეთ, გაანაწილეთ თანაბარ ულუფებად და დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. გასტრიტის (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთების), გულძმარვის, ენტერიტის (წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების), ფაღარათისა და დიზენტერიის დროს ნაჩვენებია მოცვის ნაყოფის ნახარში: აიღეთ 1 სადილის კოვზი მშრალი ნაყოფი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, 10 წუთით შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გადაწურეთ და მიიღეთ თბილ-თბილი, განუზავებლად, 1/4 ჭიქა დღეში ოთხჯერ, ჭამის წინ. ფაღარათისა და დაბალი სიმჟავით მიმდინარე გასტრიტის დროს სასარგებლოა მოცვის ფოთლების ნაყენი: აიღეთ 3-4 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული მშრალი ფოთოლი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 4-5 საათს გააჩერეთ თერმოსში. მიიღეთ 1/4-1/2 ჭიქა დღეში 4-5-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. ბუასილის დროს რეკომენდებულია მოცვის ფოთლების ნაყენის ოყნა (60 მლ თითოეული პროცედურისთვის). გარდა ამისა, ეფექტიანია ჰემოროიდულ კვანძებზე გასრესილი ნაყოფის სქლად დაფენა. სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაყოფის ნაყენი, ისე ახალგამოწურული წვენი.
შარდკენჭოვანი პათოლოგიის დროს, სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის, ასევე - ოპერაციის წინა პერიოდში, როდესაც კენჭების ტიპი არ არის დაგენილი, მოცვის ნაყოფის ნაყენის სმას ურჩევენ. სასურველია მისი მიღება დღეში 4-ჯერ, თანაბარ ულუფებად, ყოველ ჯერზე - 60-100 მლ მოცულობით.
ნაყოფი ნებისმიერი სახით რგებს მხედველობას. თვალების ანთებითი პროცესების დროს მისი წვენის კომპრესებს იყენებენ. პოდაგრის დროს მტკივან სახსრებზე საკუთრივ მოცვის ნაყოფი უნდა დაიფინოთ. ამავე დროს, უნდა სვათ ნაყენი - დღეში 4-ჯერ თანაბარ ულუფებად. სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში, განსაკუთრებით - თეთრად შლის დროს, გამორეცხვისთვის გამოიყენება მოცვის ფოთლების ნახარში: წვრილად დაკუწულ 3 სადილის კოვზ ფოთოლს უნდა დაასხათ 3 ჭიქა წყალი, 15 წუთს ადუღოთ და გადაწუროთ.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев