მესხებმა მოასწრეს და ხატი გადამალეს, მტერმა მათ პირობა მისცა, რომ აწყურს არ ააოხრებდნენ, შეცდნენ მესხნი და მიართვეს კლიტენი, მაგრამ სპარსელებმა გატეხეს სიტყვა და “მიეტევნეს ვითარცა მხეცნი.” მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს, ხატი კი იაყუბ ყაენს მიართვეს. ყაენმა ხატი სამკაულთაგან გაძარცვა და ცეცხლში ჩააგდო, ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა იხილა, მოიპარა ხატი და თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო, მაგრამ ერთ დღეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და დაემუქრა “თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგაწევო.” მივიდა კაცი მანუჩარ ათაბაგთან და ყველაფერი უამბო, გახარებულმა მანუჩარმა კაცნი გაგზავნა და ხატი დაისხნა, ეს 1486 წლის 25 სექტემბერს მოხდა.
მალე ღვთის რისხვა ეწია იაყუბ ყაენს და მის სანათესაოს – სხვადასხვაფერი სიკვდილიტ ერთიანად მოესრნენ.
1535-1545 წლებში სამცხე იმერეთს ეკუთვნოდა, შემდეგ ოსმალომ წაართვა. 1546 წელს ბაგრატ იმერთა მეფეს სამხრეთიასაკენ გაულაშქრია, სამცხე ვეღარ დაუბრუნებია, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოუტაცნია და ციხისჯვარში დაუსვენებია, 1553 წელს კი იმერეთში გადაუბრძანებია. 1562 წელს ბაგრატის ძეს, იმერთა მეფე გიორგი II-ს და ქაიხოსრო ათაბაგს ზავი დაუდიათ და აწყურის ღვთისმშობლი ხატი მესხებისათვის დაუბრუნებიათ.
ო. შმერლინგი, შ. ამირანიშვილი და თ. საყვარელიძე აწყურის ღვთისმშობლის ხატის ვერცხლის მოჭედვას გიორგი II-სა და მის მეორე ცოლს თამარს მიაწერენ, ხოლო დ. ბაქრაძე იმერთა მეფე გიორგი III-სა (1604-1639) და მის თანამეცხედრეს. უფრო კმისაღები დ. ბაქრაძის მოსაზრება უნდა იყოს, რადგან ხატზე გაკეთებულ წარწერაში მოხსენიებული “მეფე პირმშონი” ალექსანდრე და მამია გიორგი III-ისა და თამარის შვილები იყვნენ. წარწერა კი ასე იკითხება: “ჩვენ მეფეთ-მეფემან პატრონმან და თანამეცხედრემან ჩვენმან დედუფალთ-დედუფალმან თამარ და ძეთა ჩვენთა პირმშოთა ალექსანდრე და მამიამ, მოვაჭედინეთ ხატი ესე ყოვლადწმიდისა, წარსამართლებლად მეფობისა ჩვენისათვის და ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად. ამინ”
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев