მეფეს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ქართლში, სოფელ ღოღეთში, ჩამოსახლებული აწყურის ღვთისმშობლის საყმო: “მას ჟამსა, ოდეს აწყურის ღვთისმშობლის საყმო აზნაურიშვილი და გლეხი ჩვენს საბატონოში ჩამოსულიყვნენ და ღოღეთს დაესახლებინათ და რაცა ხატი და ჯვარი ყოფილიყო, თქვენს (მცხეთის) ტაძარში დაესვენებინათ…სხვას კაცს ღოღეთს ხელი არ ჰქონდესო…ვინ იცის, სოფლის საქმე ასე მოუხდეს, რომე საათაბაგიშვილოს ქრისტიანე მეპატრონე გაუჩნდეს და აწყურის ღვთისმშობლის ხატი და ჯვარი თავის სამკვიდროზე მიასვენონ და მათი ყმა ასაყრელად მოინდომონ, ვერავინ დაუჭიროს…” შემდგომ ხატი იმერეთში მოხვედრილა, მაგრამ როდის არავინ არ იცის.
წმინდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შეკვეთით 1764 წელს, ამ “მოკრძალვით
არარად სარაცხ კნინ ძღვენზე” – მოჭედილობაზე, აჯობებს ხელოვნებათმცოდნეებმა ისაუბრონ. ჩვენ მოხოლო დიდი კრძალვით მოგითხრეთ წმინდა ხატის ისტორია, რომელიც ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.
სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალულია განუყოფელი კვართი მაცხოვრისა – სიმბოლო ეკლესიის ერთიანობისა, რასაც არარად დაგიდევდნენ სამცხის ათაბაგნი, მცხეთის საყდრისაგან გამოყოფას ცდილობდნენ. და რას მიაღწიეს? სამცხე დაცარიელდა მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან, გავერნდა. სამცხის მიწა დატოვა თვით ღვთისმშობლის ხატმა. სწორედ ამის შემდეგ იყო (როგორც შენიშნავს მეუფე ანანია ჯაფარიძე), რომ სამცხე-სათაბაგოს მოსახლეობა ძირითადად გამაჰმადიანდა, გათათრდა და დაეკარგა ქართველ ერს. წმინდა ხატი იქ ქრისტიანობასა და ქართველებს იცავდა. მართლმადიდებელი მესხნი მთელ საქართველოში მიმოიფანტნენ. სხვადასხვა კუთხეში გაჩნდა სოფლები: ვარძია, ანანური, აწყური… მესხებმა თან წაიღეს წმინდა ხატები, ჯვრები, გადმოცემები, ლეგენდები და იმედი, რომ დადგებოდა დრო როცა მესხეთს ქრისტიანი პატრონი გაუჩნდებოდა და აწყურის ღვთსისმშობლის ხატიც დაუბრუნდებოდა თავდაპირველ სამყოფელს. განათდებოდა და გაბრწყინდებოდა მესხეთი და შემოიკრებდა ყოველ მხარეს გაფანტულ შვილებს.
არ ვიცი აღსდგება თუ არა აწყურის საყდარი, არც ის ვიცი ინებებს თუ არა ღვთისმშობლი ხატი (ალბათ უკვე მუზეუმის ტყვეობიდან თავდახსნილი) ი8ქ დამკვიდრებას, მაგრამ გვახსოვდეს მაცხოვრის ნათქვამი, რომ იგია ჩვენი მცველი უკანასკნელ ჟამამდე.
5 Votes
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев