ვარჯიში ჭარბი წონის დროს
ყველას უყვარს დივანზე წამოწოლა და საინტერესო ფილმით ან წიგნით თავის შექცევა, მაგრამ ბუნებასა და წლებს თავისი მიაქვს, ფიზიკური ინერტულობა და ადინამია სწრაფად აისახება ჯანმრთელობაზე, რაც საკმაო მიზეზია საიმისოდ, რომ ავხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური ვარჯიში. ვარჯიში ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. თავდაპირველად ყველა ენთუზიაზმით ეკიდება მას, დიდ იმედს ამყარებს, მაგრამ რაკი სასურველ შედეგს ვერ ხედავენ, ხელს ჩაიქნევენ და თავს ანებებენ. ეს იმიტომ, რომ გასახდომად ვარჯიში საკმარისი არ არის, თანაც ამისთვის ყოველგვარი სავარჯიშო როდი გამოდგება... რა სისტემით და როგორი ინტენსივობით ვივარჯიშოთ, ამის შესახებ გვესაუბრება ქალთა ფიტნესკლუბ “ჩონტოურ”-ის მენეჯერი ნინო სერდიუკოვა.
- ქალბატონო ნინო, რა როლი აკისრია ვარჯიშს და ფიზიკურ დატვირთვას წონის კორექციაში?
- ფიზიკური ვარჯიში სხეულის კორექციის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ნაცნობი ხერხია. აერობული დატვირთვის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით ენერგია, აქედან გამომდინარე, ფიზიკური დატვირთვა მაქსიმალურად აჩქარებს მეტაბოლიზმს და წვავს ცხიმს. ვარჯიშს ტონუსში მოჰყავს სხეული, ამკვრივებს კანს, აუმჯობესებს აღნაგობას, მატებს ენერგიას.
- ვარჯიშის რომელი სახეობაა უფრო ეფექტური წონის დასაკლებად?
- ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სახეობაა სირბილი. ამ დროს მოძრაობაში ჩართულია ყველა კუნთი, რის შედეგადაც ისინი ტონუსში მოდიან. ვიცით, რომ რაც უფრო სწრაფად დარბიხარ, მით მეტ კალორიას ხარჯავ, თუმცა თანაბარი სიჩქარით დიდხანს სირბილი არარეალურია, ამიტომ მიმართავენ ინტერვალურ ვარჯიშს, რაც გულისხმობს ტემპის აჩქარებას და შენელებას დროის განსაზღვრულ მონაკვეთებში. ეს არის სირბილის დროს მეტი კალორიების დაწვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.
- დღის რომელ მონაკვეთში ჯობია ფიზიკური დატვირთვა?
- სისხლძარღვოვანი სისტემის აქტიურობა მაქსიმუმს აღწევს 18 საათისთვის, შესაბამისად, ყველაზე შესაფერისი დრო ვარჯიშისთვის 17-დან 20 საათამდეა.
- საყოველთაოდ ცნობილია, რომ წონის დაკლება უნდა დავიწყოთ დიეტით, კვების რეჟიმის მოწესრიგებით. დიეტის პარალელურად თუ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა?
- გახდომისკენ მიმავალი გზა კალორიების შემცირებაზე დევს. უფრო ადვილია, 500 კალორია მოაკლო დღიურ რაციონს, ვიდრე რამდენიმე საათი ივარჯიშო ფიტნესცენტრში ამ 500 კალორიის დასაწვავად. თუმცა ვარჯიშიც და დიეტაც აუცილებელია არა მხოლოდ წონის დასაკლებად, არამედ შედეგის შესანარჩუნებლადაც. ჯანსაღი კვება და ვარჯიში საუკეთესო კომბინაციაა.
- არსებობს მოსაზრება, რომ ჯერ წონა უნდა დაიკლო და მერე მოჰკიდო ხელი ფიზიკურ დატვირთვას შედეგის შესანარჩუნებლად. რამდენად მართებულია ეს მიდგომა?
- ერთსა და იმავე დროს სწორი კვება (დიეტა) და ფიზიკური დატვირთვა წონის კლების პროცესს აჩქარებს და იმავდროულად ნაკლებია კანის მოდუნების რისკი.
- საჭიროა თუ არა მოთელვა და რა დადებითი ეფექტი აქვს მას?
- გახურებისას კუნთებში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც წვის ტოლფასია. როდესაც კუნთებს დატვირთვით ამოძრავებთ, სხეულის ამ კონკრეტული უბნის ტემპერატურა იმატებს და ამ დროს კუნთი საკმაოდ იზრდება. როდესაც ხურდებით, იმატებს სისხლში ჟანგბადის მიწოდება, ხოლო გულის მოქმედება ჩქარდება. ამ დროს ორგანიზმში იქმნება ჟანგბადის მაქსიმალური მარაგი, რაც ხელს უწყობს კუნთების ეფექტურ მუშაობას.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев