მაყურებლებმა ეს გადაცემა ძალიან შეიყვარეს. ამიტომ "ბომონდმა" გადაწყვიტა, ახლოდან ენახა, როგორ მიმდინარეობს გადაღებები და რა ხდება ეთერს მიღმა.
იხილეთ ფოტოგალერეა
გიამბობთ, როგორი ენერგიულები არიან წამყვანები და გადამღები ჯგუფის წევრები, რა გვითხრა ანრი ჯოხაძემ და რისთვის ჩამოვიდა საქართველოში ცნობილი მხატვარი ეთერ ჭკადუა.
დღეც მხიარული დაემთხვა - 1 აპრილი.
ეს თარიღი თურმე ფრინველთა დაცვის დღეც ყოფილა. სხვა ამბებთან ერთად, იმასაც მოგიყვებით, რა სიტუაციები შექმნეს სტუდიაში მოყვანილმა უწყინარმა მამალმა და სხვა ფრინველებმა. ისინი გადაცემას ზოოპარკიდან ესტუმრნენ.
საგრიმიორო. 12 საათი
- ვინ დამეხმარება თმის გაკეთებაში? – ხმამაღლა კითხულობს აჩიკო სოლოღაშვილი და გვანცა დარასელიას "საქართველოს ვარსკვლავთან" დაკავშირებით უთანხმდება – "რომელზე გვაქვს გადაღება? უი, რა კარგია, სადილსაც ვასწრებთ. წიწილა აწიწილებულა, საწიწილეში ჩაწიწილებულა"…
არ დაიბნეთ, ეს "ენის გასატეხი სავარჯიშოა" ეთერში გასვლის წინ. გვანცა მას სიმღერით პასუხობს – მუსიკალური კონკურსის წაყვანის გამო ორივე მიეჩვია ღიღინ-ღიღინით საქმეების კეთებას. თითქმის ყველა წამყვანი მზადაა. ბაია რამდენიმე წუთით შემოდის და გადის, დიმა ობოლაძემაც ჩამოიქროლა. ინგა ხვიჩია და სალომე ბაღოშვილი მათ ვიზაჟის ბოლო შტრიხებს უსწორებენ.
აჩიკო სოლოღაშვილი
- როგორია "სხვა შუადღეში" მუშაობა? აი, ხომ ხედავ, როგორია (და მიმითითებს გვანცაზე, რომელიც ღიღინებს და იმ მხიარულებაზე, რომელიც საგრიმიოროში სუფევს). ჩემთვის პირადად, გადასარევია, სახლში, ოჯახში ვგრძნობ თავს.
დაწყებული ვიზაჟისტებით, დამთავრებული გვანცა დარასელიათი, რომელიც ცხოვრებას მიმწარებს, მაგრამ ეს ეთერში არ ჩანს (იცინის). არა, არა, რა თქმა უნდა, ვხუმრობ, არავინ მამწარებს, პირიქით, ძალიან კომფორტულად ვარ. როცა ეთერში არ ვარ, იმ დღესაც ვუყურებ გადაცემას, იმიტომ, რომ ძალიან საინტერესოა.
გვანცა დარასელია
- "სხვა შუადღეში" მუშაობა ჩემთვის იმით არის განსხვავებული, რომ სხვებთან ერთად მიმყავს გადაცემა. სხვა გადაცემები ("დილა მშვიდობისა, საქართველო", "სხვა ამბები" და ახლა უკვე - "საქართველოს ვარსკვლავი" - თ. თ) მანამდე მხოლოდ მე მიმყავდა ან პარტნიორთან ერთად.
ასე ვთქვათ, მთლიანად ვფლობდი სიტუაციას. ამჯერად უფრო მეტნი ვართ და ყველას ჩვენ-ჩვენი სათქმელი გვაქვს. "სხვა ამბების" დახურვა დამენანა, ძალიან მიყვარდა, თუმცა აქ მუშაობაც საინტერესოა. "სხვა შუადღეში" კარგი გუნდი ვართ და ერთმანეთს კარგად ვეწყობით.
სტუდია თუ ბაღი?
ამასობაში სტუდიაში დიდი ორომტრიალია. იქაურობა სულ ყვავილებითა და მცენარეებითაა მორთული - მცენარეების მაღაზიის წარმომადგენლები ჰყავთ სტუმრად. თვალებახვეული ქორი ბაზიერს ხელზე უზის. ერთი თუთიყუში გალიიდან გაიქცა და ზემოთ აფრინდა. ბაია ზემოთ იყურება სხვებთან ერთად, ეძებს, მაგრამ ჩიტი არ ჩანს.
შემდეგ საყვარელ მცენარეებზე ელაპარაკება მოწვეულ სტუმრებს. გადაღების დაწყებამდე ჯერ ნახევარი საათი რჩება. იქვე, სტუდიის მეორე ბოლოში, გიორგი გაბუნიას 12-საათიანი "კურიერი" მიჰყავს. პირდაპირ ეთერში არცთუ მორიდებულად ერთვება რომელიღაც ჩიტი და ჭიკჭიკს იწყებს.
ბაია დვალიშვილი
- ძალიან საინტერესოა აქ მუშაობა. ეს ადამიანები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები გახდნენ. საერთო გემოვნება გვაქვს, მენტალობა, შეხედულებები, იუმორი, მათთან ყველაფერი მაერთიანებს და ჩემთვის აქ ყოფნა კომფორტულია. მიუხედავად ჩემი ასაკისა, აქ ვიზრდები და ბევრ რამეს ვსწავლობ, ბევრ ინფორმაციას ვიღებ, ძალიან ბევრ საინტერესო ადამიანს ვეცნობი.
როცა თეატრშიც და სხვა გადაღებებზე ძალიან დავიტვირთე და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა, აქ მოსვლა ვერ მომეხერხებინა, მივხვდი, რომ ძალიან დამაკლდებოდა ეს "დრაივი", ატმოსფერო, ყოველდღიური სიახლეები, რომელიც მკვებავს. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ აქ მოვხვდი და ახლებურად ვიპოვე ჩემი თავი.
12 საათი და 35 წუთი
სტუდიაში უფრო მეტად იგრძნობა გამოცოცხლება. წამყვანები ადგილზე არიან. ცოტაც და გიორგიმ ეთერი "სხვა შუადღეს" გადაულოცა – ალბათ, ჩემს მაყურებლებს გაუკვირდათ და ავუხსნი, რომ ეს - თქვენი სტუმარი ჩიტი ჭიკჭიკებდა პირდაპირ ეთერში – გაიღიმა მან და გვანცა დარასელიამ მხიარულად დაიწყო "სხვა შუადღე".
მათ აჩიკო შეუერთდა შოკოლადებით ხელში. ცოტა ხანში ფუტკარიც ეწვია მცენარეებს. რა ძნელია, იქვე წყნარად იჯდე, მაგრამ რას იზამ?! პირდაპირი ეთერია! მალე რეკლამა დაიწყო, სტუდიაში კი – შესვენება. დიმა სხვებთან ერთად გარეთ გასასვლელად მიიჩქაროდა, მაგრამ მე შევაჩერე.
დიმა ობოლაძე
- როგორია მუშაობის პროცესი? აი, ზუსტად ისეთი, როგორსაც ხედავთ! კარგია, რომ ადამიანებს დადებით ინფორმაციას ვაწვდით. ვცდილობთ, ამ, ცოტა დამძიმებულ პოლიტიკურ ფონზე გავახალისოთ და გადაცემა ისეთი იყოს, რომ ყველას მოუნდეს მისი ყურება. ძალიან კარგად ვართ შეწყობილი ერთმანეთთან და წლების განმავლობაში ერთი გაუგებრობაც კი არ ყოფილა ჩვენს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა განსხვავებული ხასიათის ვართ.
1 საათი და 15 წუთი
გადაცემის შემდეგი ბლოკი მიმდინარეობდა. "ჭერში აჭრილი" თუთიყუშიც დაუბრუნდა თავის ადგილს და უცებ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ეთერში მამლის ყივილი გაისმა. – ვინ ჰბაძავს მამალს? - გაოცდა დიმა.
თურმე, კულისებში, ყუთში ნამდვილი მამალი იყო მოკალათებული, რომელიც, რატომღაც, ეთერში არ მოხვდა. ჰოდა, მასაც უნდოდა! ამიტომ აყივლდა და წარუდგინეს კიდეც მაყურებელს! მამლობაც ამას ჰქვია!
სანამ გადაცემის ბოლო ნაწილი დაიწყებოდა, საგრიმიოროში ერთ-ერთ პროდიუსერს ვესაუბრეთ და შემდეგი სტუმრებიც აღმოვაჩინეთ.
ანრი ჯოხაძე
- "ბომონდიდან" ხართ? როგორ მიყვარს ბომონდი, ოღონდ – ჟურნალი (და ჩვეული გულიანი სიცილით იცინის)! ეთერში უნდა მოვყვე ჩემ მიერ განხორციელებული, ძალიან საინტერესო საპირველაპრილო ტყუილები. სიმღერის შესრულებას დღეს არ ვაპირებ. სამომავლოდ მაქვს რაღაც გეგმები. სკანდალურს თუ ვაპირებ რამეს? არა, სკანდალს რატომ ელოდებით, ხალხნო, სკანდალური რაღაც მხოლოდ ორ-სამჯერ გავაკეთე ათი წლის განმავლობაში.
ეთერ ჭკადუა
- ხვალ ლიტერატურის მუზეუმში იხსნება ჩემი და ჩემი მეგობრების ორკვირიანი გამოფენა. უახლოეს მომავალს რაც შეეხება, მალე მექსიკაში იქნება გამოფენა, სადაც ასევე იქნება ჩემი ნახატები წარმოდგენილი.
თამუნა კვერნაძე
- "სხვა შუადღის" მთელ გუნდს ძალიან გვიყვარს ეს გადაცემა. ყველაფერს ერთად ვგეგმავთ, ძალიან დიდი გუნდი ვართ. პროდიუსერები, ჩემ გარდა, არიან: ნესტან კვინიკაძე, თამუნა კობერიძე, მაიკო ლომიძე და მთავარი პროდიუსერი – თომა ჩალაძე.
ყოველდღიური წამყვანები არიან დიმა ობოლაძე და გვანცა დარასელია, დანარჩენებს გადანაწილებული აქვთ დღეები: ბაია დვალიშვილი, აჩიკო სოლოღაშვილი, ნინო ხოშტარია და თიკა ფაცაცია. ჟურნალისტები: მარი შენგელია, მაკა ცხვედიანი, რუსკა გიორგაძე, ნია ტყეშელაშვილი, ქეთი რატიანი. პროდიუსერის ასისტენტი – მარიამ ხიდირბეგაშვილი, ოპერატორები: რამაზ ჯიმშელაძე, ლაშა თარაევი, ვასო მირზიშვილი და კობა გალაშვილი არიან.
ყოველდღე სხვადასხვა რუბრიკა გვაქვს: ორშაბათს – კონკურსი "გაალამაზე შენი ქალაქი და აივანი", რომელიც ძალიან გვეამაყება და გვინდა, ტრადიციად ვაქციოთ. მასში რეგიონიდანაც ჩაერთო ხალხი. სამშაბათს – "თეთრი ხალათი", რომელსაც ყველაზე დიდი გამოხმაურება აქვს: კონსულტაციები ექიმებთან. ოთხშაბათობით პოპულარულ ადამიანებს ვიწვევთ, ხუთშაბათობით – გლამურული დღეა, მთლიანად მანდილოსნებს ვუძღვნით ამ დღეს.
პარასკევს გემრიელი დღე გვაქვს, მერიკოსთან ერთად და დათო ტურაშვილი გვყავს, თავისი კარგი წიგნებით. ყოველდღიურად, ორსაათნახევარი ვართ პირდაპირ ეთერში. ეს შრომატევადია და ძალიან საინტერესოც. ვცდილობთ, მაყურებელი გავართოთ, არ მოვაწყინოთ, მივაწოდოთ საინტერესო ინფორმაცია, თითქმის ყველა თემას მოვიცავთ, პოლიტიკია
ცოტაც და, "კურიერი" დაიწყება. ეთერი ანრი ჯოხაძემ, ეთერ ჭკადუამ, მაგდა გურულმა და დათო რობაქიძემ დაასრულეს. დათომ საოცარი ფოკუსებიც გვიჩვენა. ყველა კმაყოფილი იყო. დღევანდელმა "სხვა შუადღემ" წარმატებულად ჩაიარა.
#новости
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев